კორონავირუსი მსოფლიოში

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ დასაქმებულებისათვის ვაქცინის დავალდებულების რეგულაცია შეაჩერა

აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიღებული რეგულაცია, რომელიც დიდ კორპორაციებში მომუშავეებს ვაქცინაციას ან ყოველკვირეულ ტესტირებას ავალდებულებდა, შეაჩერა. მოსამართლეთა განმარტებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ავალდებულებდა კორპორაციებს, რომელსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, მოეთხოვათ დასაქმებულებისათვის Covid-19-ის წინააღმდეგ აცრა ან საკუთარი ხარჯებით ყოველკვირეული ტესტირება. ეს რეგულაცია 84 მილიონ დასაქმებულს შეეხებოდა. 

რეგულაციის მოწინააღმდეგეები, რამდენიმე რესპუბლიკური შტატი და ბიზნესჯგუფები ვაქცინისა და ტესტირების ვალდებულებას მთავრობის ძალაუფლების გადაჭარბებად აღიქვამდნენ და სასამართლოში მისი მიღებისთანავე, ნოემბერში იჩივლეს. 

სასამართლომ, 6 მომხრე, 3 მოწინააღმდეგით, აღნიშნა, რომ “ასეთი საყოველთაო რისკი არ განსხვავდება დანაშაულის, ჰაერის დაბინძურების, ან სხვა გადამდები დაავადებებისგან გამოწვეული ყოველდღიური საფრთხისგან”.

უზენაეს სასამართლოს ვაქცინაციის დავალდებულება რელიგიური თავისუფლების გამო არ შეუჩერებია, გადაწყვეტილების მიზეზი ფედერალური მთავრობის ძალაუფლების გადაჭარბებაა.

მოწინააღმდეგე სამი ლიბერალი მოსამართლის თქმით, გადაწყვეტილება „აფერხებს ფედერალური მთავრობის უნარს, დაუპირისპირდეს საფრთხეს, რომელსაც Covid-19 უქმნის დასაქმებულ ამერიკელებს”.

სასამართლომ ცალკე განიხილა სამედიცინო სექტორი და  5 მომხრე, 4 მოწინააღმდეგით აღნიშნა, რომ ჯანდაცვის ისეთ დაწესებულებებში, რომელიც ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა დაწესდეს. 

ბაიდენის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია, რადგან ამით შეჩერდა “სიცოცხლის გადარჩენისთვის” საჭირო ვალდებულება. პრეზიდენტის განმარტებით, ახლა შტატებისა და კერძო კომპანიების დროა, შეინარჩუნონ თანამშრომლების ვაქცინაციისა და რეგულარული ტესტირების ვალდებულება. მთავრობისგან დამოუკიდებლად, კერძო კომპანიათა ნაწილმა - Google-მა, Citibank-მა და IBM-მა თანამშრომლებს კოვიდთან დაკავშირებული ვალდებულები უკვე დაუწესა.

ამერიკის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თქმით, მოსახლეობის 63%-ია აცრილი, აქედან მხოლოდ 37%-ს აქვს მიღებული ბუსტერ დოზა. 

კომენტარები