მიხეილ სააკაშვილი

სასამართლო: ინსპექტორი არასწორი ინფორმაციით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

მიხეილ სააკაშვილი
კადრი ვიდეოდან / პენიტენციური სამსახური

თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს ემსახურებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

"საქმის განხილვის შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს; შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული – ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში". – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროების გამო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გააუქმა. შესაბამისად, გაუქმდა იუსტიციის სამინისტროზე დაკისრებული ჯარიმა და სოციალური ქსელიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლის ვალდებულება. ინსპექტორის სამსახური მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა საქმე უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლო პერიოდში განიხილეს.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ. 

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს.

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ინსპექტორის გაუქმების გადაწყვეტილება სწორედ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კრიტიკულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

კომენტარები