მიხეილ სააკაშვილი

ინსპექტორი: სასამართლომ გააუქმა სააკაშვილის კადრების გამო იუსტიციის სამინისტროს ჯარიმა

მიხეილ სააკაშვილი
კადრი ვიდეოდან / პენიტენციური სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემებისა და N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროების გამო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება გააუქმა. შესაბამისად, გაუქმდა იუსტიციის სამინისტროზე დაკისრებული ჯარიმა და სოციალური ქსელიდან მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლის ვალდებულება.

ინსპექტორის სამსახური მიიჩნევს, რომ მოსამართლეებმა საქმე უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლო პერიოდში განიხილეს.

"საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრები დაეწერა თბილისის საქალაქო სასამართლოს ორ სხვადასხვა მოსამართლეს. ორივე მათგანის მიერ საქმეთა განხილვა დაინიშნა უპრეცედენტოდ დაჩქარებულ ვადებში, წინასაახალწლოდ. კერძოდ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 28 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა 3 სამუშაო დღით ადრე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 29 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა წინა დღეს". – ნათქვამია ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილებით, სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების გამო ჯარიმა დაეკისრა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსაც, რომელმაც ასევე გაასაჩივრა ინსპექტორის გადაწყვეტილება.

"რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივარს, რომელიც შეეხება მის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას, მისი განხილვა დანიშნულია 2021 წლის 13 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში". – ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. ინსპექტორის განმარტებით, უწყებებს პასუხისმგებლობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის დაეკისრათ. 

ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს.

30 დეკემბერს პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებით, ინსპექტორის გაუქმების გადაწყვეტილება სწროედ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კრიტიკულ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

კომენტარები