ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

ხაზარაძე-ჯაფარიძე გაამტყუნეს, 7 წელი მიუსაჯეს, თუმცა, ხანდაზმულობის გამო არ დაიჭერენ

ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. 

ლელოს ლიდერები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რადგან, მათი შეფასებით, დანაშაული არ არსებობს. 

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებზე გადაკვალიფიცირდა.

"მამუკა ხაზარაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის და "ა" პუნქტითა და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისაგან. მამუკა ხაზარაძის მიმართ გირაო და დამატებითი ვალდებულება - საქართველოს საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე". - თქვა მოსამართლემ. 

მოსამართლემ ასევე გააუქმა ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება, გირაო და დამატებითი ვალდებულება - საზღვრის დატოვების აკრძალვა. ასევე, ჯაფარიძეს გაუუქმდა დადებული ყადაღა. 

"ავთანდილ წერეთლის ქმედება გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტზე, ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ განესღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, [...] სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისაგან". - თქვა მოსამართლემ. 

სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუუქმა. ლელოს ლიდერების მსგავსად, ბიზნესმენს ყადაღა მოეხსნა.   

სასამართლომ ყადაღა მოხსნა მამუკა ხაზარაძის სახელზე ლონდონის ბანკში გახსნილ ანგარიშზე მილიონ-ნახევარ ფუნტს, TBC ბანკში, Liberty ბანკში, Terabank-სა და ქართუ ბანკში ხაზარაძის სახელზე განთავსებულ თანხას - $11 323 188-ს. ასევე, ყადაღა მოეხსნა TBC ბანკში, Liberty ბანკსა და Terabank-ში ბადრი ჯაფარიძის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე $5 340 812-ს. 

მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს განაჩენი ლელოს ცენტრალურ ოფისში მოისმინეს, ავთანდილ წერეთელმა კი ტელეკომპანია პირველის ოფისში. ლელოს ოფისში შეკრებილმა პოლიტიკოსებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. 

"არ მინდა მკითხაობა, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას. ეს არ არის ჩემი და ბადრის ბრძოლა, ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე - ეს არის ტესტი, სად იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ. მე მინდა, რომ ჩააბარონ [ტესტი] ამდენი დრო არ გვაქვს, რომ ამდენი უკან ნაბიჯები გადადგან". - თქვა ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველთან განაჩენის გამოცხადებამდე. 

11 იანვრის სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ მედიასთან თქვა, რომ მან ქართული ოცნების დამფუძნებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო შეთავაზება, დავა დაესრულებინათ. 


TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ ამომწურავად ილაპარაკა საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო დეტალებზე. მათ შორის საუბარი იყო ე.წ მუქარის წერილზე, რომელიც მან მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მოგვიანებით, 2021 წლის 10 ივნისს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში თავად გადასცა ბადრი ჯაფარიძეს. 

წერილის გარდა 2019 წლის მარტში საპარლამენტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ საქმის ირგვლივ არსებულ სხვა დეტალებზეც ისაუბრა, მათ შორის სების პრეზიდენტის, კობა ნაყოფიასგან შანტაჟის ენის გამოყენებაზე, 4 უწყების მხრიდან TBC ბანკზე კოორდინირებულ შეტევაზე, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გამოუძიებელი კიბერშეტევა და კონფიდენციალურობისა და უდანაშაულოს პრეზუმფციის პრინციპების დარღვევაზე. 

სწორედ ამ გამოძიების ფონზე, 2019 წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლისა და პარტია ლელოს დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ორ არჩევნებში. 

კომენტარები