ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

სააპელაციომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

2022 წლის 12 იანვარს, ლელოს ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი სასამართლომ გაამტყუნა და 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მათ დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრეს. მოსამართლემ სამივე მათგან მუხლი გადაუკვალიფიცირა და ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. 

ლელოს ლიდერებმა სასანართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რადგან, მათი შეფასებით, დანაშაული არ არსებობს.  საქალაქოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა პროკურატურამაც, თუმცა სააპელაციომ არცერთი მხარეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 


TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ ამომწურავად ილაპარაკა საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო დეტალებზე. მათ შორის საუბარი იყო ე.წ მუქარის წერილზე, რომელიც მან მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მოგვიანებით, 2021 წლის 10 ივნისს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში თავად გადასცა ბადრი ჯაფარიძეს. 

წერილის გარდა 2019 წლის მარტში საპარლამენტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ საქმის ირგვლივ არსებულ სხვა დეტალებზეც ისაუბრა, მათ შორის სების პრეზიდენტის, კობა ნაყოფიასგან შანტაჟის ენის გამოყენებაზე, 4 უწყების მხრიდან TBC ბანკზე კოორდინირებულ შეტევაზე, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გამოუძიებელი კიბერშეტევა და კონფიდენციალურობისა და უდანაშაულოს პრეზუმფციის პრინციპების დარღვევაზე. 

სწორედ ამ გამოძიების ფონზე, 2019 წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლისა და პარტია ლელოს დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს

 

კომენტარები