ლელო

ხაზარაძე: თუ კანონი არსებობს, უნდა გავმართლდეთ, თუმცა სამართლებრივ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ

მამუკა ხაზარაძე

რა გადაწყვეტილებას ელოდება საქალაქო სასამართლოსგან TBC ბანკისა და ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე? – ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ აქვს. 

განაჩენის გამოცხადების წინა საღამოს TV პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუკი საქართველოში იოტის ოდენა სამართალი მაინც არსებობს, გამამტყუნებელი განაჩენი არ უნდა დადგეს, თუმცა, აცნობიერებს, რომ ის სამართლებრივ ქვეყანაში არ ცხოვრობს და საქართველოს, სასამართლოს ჩათვლით, დღეს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი მართავს. 

"სასამართლო სხდომა დღეს დასრულდა პრაქტიკულად. ჩვენ ხვალ სასამართლოზე არ გამოვცხადდებით. მე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ განაჩენს მოვისმენ პარტიის ოფისში და დავემორჩილები. მე არ მინდა სასამართლოს წინ უამრავი ხალხის შეკრება, ჩვენ ამას შევხვდებით პარტიის ოფისში და პირდაპირ გეუბნებით, რომ რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ჩვენთვის საზიანო, თუ სხვაგვარი, ამას დავემორჩილები. 

თქვენს კითხვაზე, რა გადაწყვეტილებას ველოდებით, თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში, იოტის ოდენა სამართალი, კანონი, ნამუსი და ა.შ. რა თქმა უნდა, გამამტყუნებელ განაჩენს არ ველოდები, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში და ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას და უკვე დაიწყეს კიდეც იმ მესიჯბოქსზე მუშაობა, რასაც ხვალიდან გაავრცელებენ, არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს არ არის მთავარი. მთავარი არის ის, რა ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ". – თქვა მამუკა ხაზარაძემ. 

12 იანვარს, 11:00 საათზე 3-წლიანი განხილვის შემდეგ საქალაქო სასამართლო ე.წ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. განხილვა 11 იანვრის სხდომაზე ხმაურის ფონზე დასრულდა. სხდომის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ მედიასთან თქვა, რომ მან ქართული ოცნების დამფუძნებლისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო შეთავაზება, დავა დაესრულებინათ. 


TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ ამომწურავად ილაპარაკა საქმის ირგვლივ არსებულ საეჭვო დეტალებზე. მათ შორის საუბარი იყო ე.წ მუქარის წერილზე, რომელიც მან მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, მოგვიანებით კი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. 

მოგვიანებით, 2021 წლის 10 ივნისს მამუკა ხაზარაძემ დააზუსტა, რომ მუქარის წერილი გახარიამ საკუთარ კაბინეტში თავად გადასცა ბადრი ჯაფარიძეს. 

წერილის გარდა 2019 წლის მარტში საპარლამენტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ საქმის ირგვლივ არსებულ სხვა დეტალებზეც ისაუბრა, მათ შორის სების პრეზიდენტის, კობა ნაყოფიასგან შანტაჟის ენის გამოყენებაზე, 4 უწყების მხრიდან TBC ბანკზე კოორდინირებულ შეტევაზე, რასაც საეჭვოდ დაემთხვა გამოუძიებელი კიბერშეტევა და კონფიდენციალურობისა და უდანაშაულოს პრეზუმფციის პრინციპების დარღვევაზე. 

სწორედ ამ გამოძიების ფონზე, 2019 წლის სექტემბერში მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ პოლიტიკაში წასვლისა და პარტია ლელოს დაფუძნების გადაწყვეტილება მიიღეს. პარტიამ უკვე მიიღო მონაწილეობა ორ არჩევნებში. 

კომენტარები