ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე

"ივანიშვილმა ბრძოლა მორალურად წააგო" – ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროცესი დაიწყო

მამუკა ხაზარაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეს დასკვნითი სხდომა იმართება. სხდომის დაწყებამდე ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მათთან ბრძოლა მორალურად წააგო.

"მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა წააგო ჩვენთან, მორალურად წააგო. ჩვენთვის დანარჩენ შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ აქ არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენ ქვეყანას და ამ ქვეყანას ჩვენ თქვენთან ერთად აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე". – თქვა მამუკა ხაზარაძემ.

16 დეკემბერს გამართულ სასამართლოზე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის დასკვნითი სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. დაცვის მხარემ პროკურატურის შუამდგომლობას "დროის გაწელვა" უწოდა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო, თებერვალში კი, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია TBC ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

იმავე წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდიდა დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2019 წლის ივლისში კი გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ოფიციალურად წარუდგინა ბრალი. მოგვიანებით, აგვისტოში ამავე საქმეზე ბრალი წარუდგინეს ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც, რომელიც TV პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამაა. ტელეკომპანიამ ეს გადაწყვეტილება მედიაზე თავდასხმად შეაფასა. 

კომენტარები