COVID 19

კვლევა: ომიკრონის წინააღმდეგ Sinopharm-ის ახალი ბუსტერი უფრო ეფექტურია ვიდრე მესამე დოზა

აბუ-დაბიში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ომიკრონის შტამის წინააღმდეგ, ჩინური წარმოების ვაქცინის, Sinopharm-ის ცილის ბაზაზე დამზადებული ბუსტერ დოზა უფრო ეფექტურია, ვიდრე ამავე მწარმოებლის მიერ ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინის მესამე დოზა. კვლევა ამ ეტაპზე ავტორიზებული არ არის.

კვლევაში 192 ადამიანი მონაწილეობდა, რომლებსაც Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზა მინიმუმ 6 თვის წინ ჰქონდათ გაკეთებული. მათ ერთ ნაწილს Sinopharm-ის მიერ ცილის ბაზაზე დამზადებული ბუსტერი (NVSI-06-07) გაუკეთეს, მეორე ნაწილს კი ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული Sinopharm-ის ვაქცინის (BBIBP-CorV) მესამე დოზა. კვლევის შედეგად, ბუსტერით აცრილ ადამიანებში ომიკრონის წინააღმდეგ მებრძოლი ანტისხეულების რაოდენობა "გაცილებით მაღალი" იყო, ვიდრე მესამე დოზით აცრილებში.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, Sinopharm-ის ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინა (BBIBP-CorV) ომიკრონის შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტური იყო. Sinopharm-ის მიერ ცილის ბაზაზე დამზადებული ვაქცინა (NVSI-06-07) კი განსხვავებული ტექნოლოგიის გამოყენებით არის შექმნილი და მას არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გადაუდებელ შემთხვევებში, ბუსტერის სახით იყენებენ.

კომენტარები