ოპერატორის გარდაცვალება

UNESCO-მ მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა – მას ლექსო ლაშქარავაც დაემატა

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

UNESCO-მ  მსოფლიოში მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა – მას ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დაემატა. განახლებულ მასალაში მითითებულია, რომ ლაშქარავა საქართველოში 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს.    

UNESCO-ს გენერალური დირექტორი, ოდრი აზულაი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების გამჭვირვალობა და ყოვლისმომცველობა. 

"ჟურნალისტებმა ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეძლონ საკუთარი საქმის კეთება. ეს მოვლენები სხვებისთვის საფრთხის შემცველი გზავნილია და დაუსჯელი არ უნდა დარჩეს". - წერს ის.  

UNESCO ლაშქარავას საქმეზე დამატებით ინფორმაციასაც აქვეყნებს:

"ალექსანდრე ლაშქარავა მუშაობდა ტელეკომპანია პირველისთვის და იყო ერთ-ერთი 50-ზე მეტ ჟურნალისტსა და მედიის წარმომადგენელს შორის, რომლებიც სერიოზულად დაშავდნენ 5 ივლისს თბილისში LGBTQ+ აქტივისტებზე თავდასხმის დროს. შიშისა და ძალადობის გამო თავდასხმას დაგეგმილი ღირსების მარშის გაუქმება მოჰყვა. ის გარდაიცვალა 11 ივლისს, საკუთარ სახლში".

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა.  შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა

კომენტარები