ფინეთი

"ფინეთის თავისუფლება NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობასაც მოიცავს" – ფინეთის პრეზიდენტი

ფინელი სამხედრო
Getty Images

რუსეთი-უკრაინის საზღვრებზე არსებული დაძაბულობისა და კრემლის ხისტი რიტორიკის ზრდის პარალელურად, ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ საახალწლო მიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობა მისი ქვეყნის თავისუფალ არჩევნად რჩება.

"დაე კიდევ ერთხელ გაესვას ხაზი: ფინეთის მოქმედებისა და არჩევნის თავისუფლება მოიცავს NATO-სთან სამხედრო კავშირის შექმნასა და გაწევრიანების მოთხოვნასაც, თუ ჩვენ ასე გადავწყვეტთ", – თქვა საული ნიინისტემ.

პრეზიდენტის სიტყვა საკუთარ მიმართვაში განავრცო ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა. 

"ჩვენ ვაჩვენეთ, რომ წარსულით ვისწავლეთ. უარს არ ვიტყვით მოქმედების თავისუფლებაზე", – თქვა მარინმა და დაამატა, რომ ყველა ქვეყანას საკუთარი საგარეო პოლიტიკის არჩევის უფლება აქვს.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

ჯერჯერობით ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება ითხოვოს, თუმცა ამაზე დებატები ჰელსინკიში, ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, აქტიურად განახლდა. ბოლოს მსგავსი განხილვები ყირიმის ანექსიის შემდეგ მიმდინარეობდა. 

ფინეთმა და შვედეთმა, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რომლებიც NATO-ს წევრების რიცხვში არ არიან, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან 1994 წელს გააფორმეს (ჯერ კიდევ ევროკავშირში შესვლამდე) შეთანხმება – პარტნიორობა მშვიდობისთვის. ეს შეთანხმება საჭიროების შემთხვევაში ამ ქვეყნების ტერიტორიებზე NATO-ს ჯარების გადასხმის საშუალებას იძლევა. 


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები