თბილისის მერია

მელიქიშვილის ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს

თბილისის მერია მთაწმინდის რაიონში, პეტრე მელიქიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციას და ფილარმონიის წინ არსებული მოედნის რეაბილიტაციას გეგმავს. 

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მელიქიშვილის ქუჩაზე, რომელიც ამჟამად ცალმხრივია, სპეციალური ზოლები მოეწყობა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად შეძლებს მოძრაობას. 

რუსთაველის გამზირიდან ჭავჭავაძის გამზირზე მიმავალი ავტობუსები კოსტავას ქუჩასა და ვარაზისხევს აღარ გაივლიან და ისინი პირდაპირ მელიქიშვილის ქუჩაზე იმოძრავებენ. 

თბილისის მერიამ ტენდერი 3 იანვარს გამოაცხადა, რომლის ღირებულება 6.55 მილიონ ლარს შეადგენს და ის ტერიტორიის რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის ხარჯებს ითვალისწინებს. დოკუმენტაციაში თან დართულია სამშენებლო პროექტიც. 

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 120 დღეში უნდა უზრუნველყოს სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ტროტუარების, ველობილიკის, სანიაღვრე ქსელის, ჭების, წყალმიმღების არხის, სახანძრო ჰიდრანტის, საგზაო ნიშნებისა და გარე განათების ქსელის მოწყობა. 


 

კომენტარები