პაპი ფრანცისკე

ქალთა მიმართ ძალადობა ღმერთს შეურაცხყოფს – პაპი ფრანცისკეს საახალწლო მიმართვა

Reuters

პაპი ფრანცისკე საახალწლო მიმართვაში ქალებზე ძალადობის შეწყვეტის მკაფიო მოწოდებით გამოვიდა და თქვა, რომ ქალებისთვის ზიანის მიყენება ღმერთის შეურაცხყოფაა. პაპმა მრევლს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მესას დროს მიმართა და თითქმის სრული საახალწლო ქადაგება დედების, ქალებისა და მათზე ძალადობის თემას დაუთმო.

"და რადგან დედები ანიჭებენ სიცოცხლეს და ქალები ინარჩუნებენ სამყაროს ერთად, მოდით, ყველამ მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ დედების მხარდაჭერისა და ქალების დასაცავად. რამდენი ძალადობაა მიმართული ქალების წინააღმდეგ! კმარა! ქალისთვის ზიანის მიყენება ღმერთის შეურაცხყოფაა". – თქვა პაპმა ფრანცისკემ. 

პაპმა ფრანცისკემ ქალების წინააღმდეგ ოჯახში ძალადობა დაგმო 20 დეკემბერსაც და თქვა, რომ "ოჯახში ძალადობა, ფაქტობრივად, სატანურია". პაპმა სინანულით აღნიშნა, რომ ქალთა დიდი რაოდენობა საკუთარ სახლში ცემის და ძალადობის მსხვერპლი ხდება

პანდემიის დაწყების შემდეგ პაპმა ფრანცისკემ ოჯახში ძალადობაზე რამდენჯერმე ისაუბრა. პანდემიის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში გახშირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ლოკდაუნის გამო უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა მოძალადესთან ჩაკეტილი.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 13 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას მოიცავდა, გამოკითხული ქალების ნახევარი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ერთი სახის ძალადობა მაინც გამოცადეს.

პოლიციის მონაცემების მიხედვით, იტალიაში გასულ თვეს ყოველდღიურად ქალების წინააღმდეგ ძალადობის 90-მდე შემთხვევა გამოვლინდა, მათი 62% ოჯახში ძალადობის შემთხვევა იყო.

კომენტარები