პაპი ფრანცისკე

პაპი ფრანცისკე: ოჯახში ძალადობა სატანურია

რომის პაპი ფრანცისკე
Wallpaper Cave

პაპმა ფრანცისკემ ქალების წინააღმდეგ ოჯახში ძალადობა დაგმო. პაპმა სინანულით აღნიშნა, რომ ქალთა დიდი რაოდენობა საკუთარ სახლში ცემის და ძალადობის მსხვერპლი ხდება.

​"პრობლემა ისაა, რომ ჩემთვის ოჯახში ძალადობა ფაქტობრივად სატანურია – რადგან ეს არის ადამიანის დაუცველობით სარგებლობა, ადამიანის, რომელსაც მხოლოდ ის შეუძლია, დარტყმის აცილება სცადოს. ეს დამამცირებელია, ძალიან დამამცირებელი." – თქვა პაპმა ფრანცისკემ.

პაპი ფრანცისკე სხვადასხვა მძიმე გამოცდილების მქონე ოთხ ადამიანს ესაუბრა, მათ შორის იყო ოჯახში ძალადობას გადარჩენილი ქალი, რომელმაც ოთხ შვილთან ერთად ძალადობრივი გარემოსთვის თავის დაღწევა მოახერხა. პაპმა აღნიშნა, რომ ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლი გახდნენ, ღირსება არ დაუკარგავთ.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ პაპმა ფრანცისკემ ოჯახში ძალადობაზე რამდენჯერმე ისაუბრა. პანდემიის შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში გახშირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ლოკდაუნის გამო უფრო მეტი ადამიანი აღმოჩნდა მოძალადესთან ჩაკეტილი.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, რომელიც 13 ქვეყანაში ჩატარებულ გამოკითხვას მოიცავდა, გამოკითხული ქალების ნახევარი ამბობს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ ერთი სახის ძალადობა მაინც გამოსცადეს.

პოლიციის მონაცემების მიხედვით, იტალიაში გასულ თვეს ყოველდღიურად ქალების წინააღმდეგ ძალადობის 90-მდე შემთხვევა გამოვლინდა, მათი 62% ოჯახში ძალადობის შემთხვევა იყო.

კომენტარები