მაინინგი

ენერგო-პრო ჯორჯია: სრულად ვიხსნით პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე

მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებისა და ქსელის დაზიანების შესახებ ენერგო-პრო ჯორჯია განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. 

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიწოდება, რისი გამწვევი მიზეზიც რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგით ელექტროენერგიაზე რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნა და ენერგოქსელის გადატვირთვაა. 

მაინერი სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობაა, რომელიც კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დამოწმებისა და გამომუშავების პროცესშია ჩართული. მაინინგის დროს მოწყობილობა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, რის სანაცვლოდ ის გასამრჯელოს სახით კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს.

მესტიაში მაინერების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის თავმოყრის მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფებია, მაინინგით დაკავება ისეთ ადგილებშია განსაკუთრებით მომგებიანი, სადაც ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებია, ზემო სვანეთში მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, გადასახადებს კი მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან. 

Energo-Pro Georgia-ს განცხადება:

ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის იმ მოხმარებას, რაც იქ [მესტიაში] ფიქსირდება. გარდაუვალია ავარიების განმეორება, შესაბამისად, ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენი ანალიზით, მოსახლეობის მოხმარებაც გაზრდილია, თუმცა, მთავარი მიზეზი მაინც უკანონოდ მიერთებული მაინერებია, რომელთა რიცხვიც ამ რთულ დღეებშიც იზრდება. მესტიის არსებული მოხმარება გაუტოლდა 2019 წლის დეკემბრის მოხმარებას, როდესაც 5 მილიონი ლარის მაინერი გავთიშეთ და ამოვიღეთ ადგილობრივ პოლიციასთან ერთად.

მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს ორი მთავარი მიზეზის გამო: 

1. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება; 
2. აახლოებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. 

არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ენერგო-პრო. 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, რომ თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მინიმუმ უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე, ავარიული თუ გეგმური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაინისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგვარი შეფერხების გარეშე.


ელექტროენერგიის პრობლემასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: 

ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე. ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების  საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. სს ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, საყურადღებოა ისიც რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.

არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები. დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური) რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება. გრაფიკი გაგრძელდება ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ "იოლი" ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს.

ელექტროგადამცემი ხაზები ვერაფრით გაუძლებენ აღნიშნული რაოდენობის დატვირთვას. ვიფიქროთ ერთმანეთზე და ავირჩიოთ ნათელ გარემოში ცხოვრება.

კომენტარები