მაინინგი

მესტიის მერია მოსახლეობას ელექტროენერგიას გრაფიკით მიაწვდის, მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგია 

Georgian Travel Guide

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიწოდება, რისი გამწვევი მიზეზიც რეგიონში კრიპტოვალუტის მაინინგით ელექტროენერგიაზე რეკორდულად გაზრდილი მოთხოვნა და ენერგოქსელის გადატვირთვაა. 

ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მოსახლეობის უზრუნველყოფისთვის მუნიციპალიტეტს 7 მეგავატი ელექტროენერგია სჭირდება, თუმცა ის 27 მეგავატამდე ენერგიას მოიხმარს, რაც, ძირითადად მაინერების დიდი რაოდენობითაა გამოწვეული. 

მაინერი სპეციალური კომპიუტერული მოწყობილობაა, რომელიც კრიპტოვალუტის ტრანზაქციების დამოწმებისა და გამომუშავების პროცესშია ჩართული. მაინინგის დროს მოწყობილობა დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს, რის სანაცვლოდ ის გასამრჯელოს სახით კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს.

მესტიაში მაინერების უჩვეულოდ დიდი რაოდენობის თავმოყრის მთავარი მიზეზი ელექტროენერგიის ტარიფებია, მაინინგით დაკავება ისეთ ადგილებშია განსაკუთრებით მომგებიანი, სადაც ელექტროენერგიის დაბალი ტარიფებია, ზემო სვანეთში მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება, გადასახადებს კი მხოლოდ რეგისტრირებული მეწარმეები იხდიან. 

ელექტროენერგიის პრობლემასთან დაკავშირებით მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: 

ბოლო წლების განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტი მუდმივად დგას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემის წინაშე. ამ მხრივ კი მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მეტად მძიმდება და დღეს გვაქვს მოცემულობა, სადაც ელექტროენერგიის მოხმარებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ნამდვილად გვემუქრება მუნიციპალიტეტის სრული ჩაბნელების  საფრთხე, რისი თანმდევი პროცესიც, არა მხოლოდ საყოფაცხოვრებო დისკომფორტი, არამედ ტურისტული სეზონის ჩავარდნა იქნება. პანდემიის პერიოდში, ისედაც შემცირებული ტურისტული ნაკადების ფონზე, ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის.

დასამალი არ არის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის მთავარი მიზეზი ე.წ მაინერების მომრავლებაა. სს ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის სრული მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას, საყურადღებოა ისიც რომ გასული წლების მონაცემებთან შედარებით დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.

არსებული ელექტროგადამცემი ხაზები ვერ უძლებენ გათვალისწინებულზე ოთხჯერ მეტ დატვირთვას, რის შედეგადაც გახშირდა დაზიანებები. დღეისათვის დაზიანებულია ენგურჰესის ხაზი და ელექტროენერგიის მოწოდება ხდებოდა ალტერნატიული ხაზიდან (ლაჯანური) რომელიც ასევე დაზიანდა. არსებული ქსელის შესანარჩუნებლად სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ უწევს დატვირთვის შემცირება და მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდება. გრაფიკი გაგრძელდება ალტერნატიული ხაზის აღდგენამდე.

დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენა. ჩვენ ვცხოვრობთ პატარა სოციუმში, სადაც ყოველდღიურად ვხვდებით ერთმანეთს, გვაქვს ყოველდღიური ურთიერთობები, პატივი ვცეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ოჯახებს და შვილებს, გამოვრთოთ მაინერები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, სადაც ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა არავის მოერიდება. მიუღებელია კონკრეტული ადამიანების მიერ "იოლი" ფულის მიღების სურვილს, მთელი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის ინტერესი ეწირებოდეს.

ელექტროგადამცემი ხაზები ვერაფრით გაუძლებენ აღნიშნული რაოდენობის დატვირთვას. ვიფიქროთ ერთმანეთზე და ავირჩიოთ ნათელ გარემოში ცხოვრება.

 

კომენტარები