სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: პარლამენტმა ამირჩია და დღეს ამბობს, რომ მე ვიღაცის კადრი ვარ – შეურაცხმყოფელია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას თქმით, შეურაცხმყოფელია, ბრალდება რომ ის "ვიღაცის კადრია". ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ჩემთვის ცოტა შეურაცხმყოფელია, პარლამენტი, რომელმაც ამირჩია, მხარი დამიჭირა, დღეს გამოდის და ამბობს, რომ მე ვიღაცის კადრი ვარ. ცოტა უხერხულია ამაზე საუბარი მათი მხრიდან." – თქვა თოლორაიამ.

სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა, რომ მას ჰქონდა შეგრეძნება, რომ პარლამენტმა პროფესიონალიზმის და პროკურატურაში წარმატებული კარიერის გამო აირჩია თანამდებობაზე.

"დღეს ამაზე მათი ხმრიდან საუბარი, ვინც კენჭისყრის ღილაკს ხელი დააჭირა და თქვა – ლონდა თოლორაია იყოს სახელმწიფო ინსპექტორი, ჩემთვის ძალიან არასერიოზულია." – თქვა თოლორაიამ.

ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ დღეს თქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის ინფორმაციის დაცვისა და საგამოძიებო ფუნქციის ქონა გუნდის ყოფილი ლიდერის სუბიექტურ მიზნებს უკავშირდება. მამუკა მდინარაძე არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ლიდერზეა საუბარი, თუმცა, სავარაუდოდ, გულისხმობს ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, რომელიც 2019 წელს შს მინისტრი იყო და შემდეგ პრემიერიც გახდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება.

ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.

კომენტარები