სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

თოლორაია: ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში ვერ დავიცავდი ჩემს თანამშრომლებს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება, რატომღაც დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებნლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. თოლორაიას თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნას.

"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული სამსახურის ინტერესის დაცვას. თუმცა, მე დღეს აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად". – ამბობს ლონდა თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი სრულიად კონსპირაციული იყო, მასში მონაწილეობა არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არც საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და არც ერთი დარგის ექსპერს არ მიუღია.

ლონდა თოლორაიას ცნობით, მან და უწყების თანამშრომლებმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ კანონპროექტის დაინიცირება, მედიის საშუალებით გაიგეს.

თოლორაია ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტი ყველასთვის ცხადს ხდის, რომ ეს არ არის უბრალოდ რეფორმა, ესაა დამოუკიდებელი ინსტიტუსისა და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თოლორაიას განმარტებით, ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის.

"ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. ეს პროცესი საფრთხეს უქმნის ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფ პირს, აჩენს არასტაბილურობის განცდას და წარმოადგენს ზეწოლას მათ საქმიანობაზე. ასევე, ეს ფაქტი ყველა საჯარო მოხელისთვის არის გზავნილი, რომ კეთილსინდისიერად საქმის კეთებისთვის ერთ დღეს შეიძლება დარჩნენ სამსახურის გარეშე". – ამბობს ლონდა თოლორაია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. კანონპროექტს 28 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ 7 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო ჯარიმა დაეკისრათ. იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები