სახელმწიფოს თანხის მითვისება

ფოთის ყოფილ მერს, ირაკლი კაკულიას 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

http://newsportal.ge/

ფოთის ყოფილ მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას, ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო პროცესი ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შალვა ბიჭიამ მიიღო. 

ირაკლი კაკულია  და კიდევ 3 თანამდებობის პირი 2019 წლის ნოემბერში დააკავეს.  მათ ბრალად ედებათ უკანონო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

პროკურატურის ინფორმაციით, ირაკლი კაკულიამ, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მუნიციპალიტეტის სხვა თანამშრომელთან ერთად, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და შ.პ.ს. კუნძულის დირექტორის უპირატესობა მიანიჭა, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კერძოდ, ფოთის თეატრის მშენებლობის სამუშაოების შესრულების დროს, საჯარო მოხელეებმა ყალბად დამზადებული მიღება-ჩაბარების აქტებით, თითქოსდა სამუშაოებმა 9102139.71 ლარი შეადგინეს, სამუშაოები ჩათვალეს შესრულებულად და ჩაიბარეს, მაშინ როდესაც რეალურად შესრულებული იყო 359 222.81 ლარით ნაკლები სამუშაო. ისინი შემსრულებელი კომპანიის დირექტორს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 359 222.81 ლარის უკანონოდ დაუფლებაში დაეხმარნენ. 

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. 

 

კომენტარები