სუს

სუს-მა უნებართვო სამუშაოების შედეგად მოპოვებული დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა ამოიღო

სუს

სუს-მა უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად მოპოვებული დავით აღმაშენებლის პერიოდის მონეტა, 12 ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ორიგინალი ღილი და სხვადასხვა პერიოდის მონეტა ამოიღო. უწყების ცნობით, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს.), 3 მონეტა თარიღდება XIII  საუკუნით.

"მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი. მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება – შეუფასებელია". – ნათქვამია განცხადებაში.

სუს-ის ინფორმაციით, დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ  ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული.

"აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით – "დიდი მონღოლი ულუს ბეგი",  ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი. აღნიშნული არტეფაქტები, ასევე,  გადაეცემა ეროვნულ მუზეუმს". – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

კომენტარები