კრიმინალი

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 4 ადამიანი, მათ შორის, რუსეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომსა და რუსთავში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 ადამიანი – 1975 წელს დაბადებული ლ.ჯ, 1982 წელს დაბადებული დ.წ. და 1977 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს. უწყების ცნობით, ასევე ქურდული სამყაროს წევრობისა და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებებით რუსეთის მოქალაქე, კრიმინალური ავტორიტეტი, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. თბილისში დააკავეს.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირები – დაკავებული ლ.ჯ. და დ.წ., ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ ბიზნესმენს, პ.გ.-ს, სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს სისტემატურად სძალავდნენ. ბრალდებულებმა, კრიმინალური გავლენის გამოყენებით, დაშინებითა და მუქარით, აღნიშნული ბიზნესმენის საქმიანობის სრულად მითვისება განიზრახეს, ასევე, მეწარმის შვილს კუთვნილი ავტომანქანა წაართვეს. ამის შემდეგ დაზარალებულმა მეწარმემ, თავის მხრივ, დახმარებისთვის მიმართა ე.წ. კანონიერ ქურდებს, რომლებმაც გამომძალველების ქმედება შეაფასეს და ქურდული გარჩევის გზით ბიზნესმენის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, კერძოდ, ლ.ჯ.-ს და დ.წ.-ს დაეკისრათ ავტომანქანის მესაკუთრისთვის დაბრუნება და მეწარმეზე ზეწოლის შეწყვეტა. აღნიშნული გადაწყვეტილების ქურდული წესით აღსრულება კი, ბრალდებულ ნ.შ.-ს უნდა განეხორციელებინა.

"რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, იმერეთის პოლიციის მიერ დაკავებულ ი.დ.-ს, გამოძიებით დადგინდა რომ მან, როგორც კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ქურდულ სამყაროში დადგენილი წესების შესაბამისად, მისთვის ეტაპობრივად 15 000 აშშ დოლარის გადახდა და ძვირადღირებული ავტომობილის დათმობა მოსთხოვა ქუთაისში მცხოვრებ მეწარმეს – დ.ზ.-ს, კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამის გამო დ.ზ.-მ ბრალდებულს ჯამში 16 000 ლარი გადასცა". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა-მუხლით გრძელდება, რაც გამოძალვას, ქურდული სამყაროს წევრობას და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას გულისხმობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები