პოლიტიკური კრიზისი

პრეზიდენტთან რელიგიური კონფესიების შეხვედრაზე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია არ მიიწვიეს

Evangelical-Baptist Church of Georgia/ Facebook

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ რელიგიური კონფესიების შეკრებაზე ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ ტაბულასთან საუბრისას თქვა, რომ ეს ღონისძიებაზე არ მიწვევის პირველი შემთხვევა არ არის.

"არ მივუწვევივართ, მოწვევა არ მიგვიღია. არმიწვევის ბევრი შემთხვევა ყოფილა. დადასტურებით ვერ გეტყვით, მაგრამ ჩემი ვარაუდით, პრეზიდენტმა ისარგებლა რელიგიის საკითხთა სააგენტოს მომსახურებით, როდესაც ურთიერთობა ჰქონდა რელიგიებთან. რელიგიის სააგენტოს პროტესტის ნიშნად ბევრჯერ უარი ვუთხარით ბევრ რამეზე. მათ საერთოდ ამოიღეს საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესია მათი გადმოსახედის რუკიდან. ისინი როცა არიან ჩართული, ჩვენ არსად არ გვეძახიან. ასე ხდება ძალიან ბევრ ღონისძიებაზე". – უთხრა ტაბულას რუსუდან გოცირიძემ.

სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართული შეხვედრა 21 დეკემბერს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი რელიგიურ ლიდერებს ეროვნული თანხმობის შესახებ საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით ესაუბრა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში იმყოფებოდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს წევრები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიიდან დეკანოზი არჩილ ხაჩიძე, საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი, დასავლეთ საქართველოს მუფტი, ადამ შანთაძე, აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი, ეტიბარ ემინოვი, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წარმომადგენელი, მამა ნარეკ კუშიანი, თბილისის დიდი სინაგოგის თავმჯდომარე, მერაბ ჩანჩალაშვილი და რაბინი რახამინ მურდუხაშვილი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი, მარკუს შოხი, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის პასტორი ჩარლზ ჰობლიცი და პასტორი კახაბერ ჩხაიძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ეპისკოპოსი გია კანდელაკი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი, გიორგი ჩიტაძე, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი ფირბარი, სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე.

ტაბულა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის არმიწვევის შესახებ დამატებითი დეტალების გასარკვევად პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს.

კომენტარები