დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

აშშ: არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, განსაზღვროს სხვა სახელმწიფოს საზღვრები

ნედ პრაისი

უკრაინასა და რუსეთის შორის დაძაბულობის განხილვისას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება დაადგინოს სხვა სახელმწიფოს საზღვრები.

“საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპია, რომ არცერთ ქვეყანას, როგორი დიდი და გავლენიანიც არ უნდა იყოს, რამდენად ძლიერი სამხედრო შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს, თუნდაც ჰქონდეს ბირთვული იარაღი, არ აქვს უფლება, განსაზღვროს სხვა ქვეყნის საზღვრები, შეავიწროოს, დააშინოს პატარა სახელმწიფოები, რათა იძულების გზით მიაღწიოს საკუთარ მიზნებს. ეს არაა ის, რასაც აშშ, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი მოკავშირეები მხარს მოითმენენ, იქნება ეს ევროპის, ინდო-წყნარი ოკეანის თუ სხვა კონტექსტში”, - აღნიშნავს ნედ პრაისი.

ნედ პრაისის თქმით, აშშ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით რუსეთთან დიპლომატიურ კომუნიკაციას NATO-რუსეთის საბჭოსა და  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მეშვეობით გეგმავს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განმარტებით, აშშ რუსეთთან ევროპის უსაფრთხოებას ევროპელი მხარდამჭერებისა და პარტნიორების გარეშე არ განიხილავს. 

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობის ფონზე, 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ათიათასობით რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

"რუსეთის გეგმები ითვალისწინებს უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წლის დასაწყისში, ორჯერ უფრო დიდი სამხედრო ძალით, ვიდრე ეს ბოლო გაზაფხულზე, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ვარჯიშების დროს ვიხილეთ. გეგმა მოიცავს ბატალიონის 100 ტაქტიკური ჯგუფის ფართო მოძრაობას, სავარაუდოდ, 175 000 სამხედროს ჩართულობით, ჯავშანტექნიკით, არტილერიითა და აღჭურვილობით", – ანონიმურად თქვა Washington Post-თან აშშ-ს ოფიციალურმა პირმა.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. 

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები