რამაზ გერლიანის გაუჩინარება

პოლიციამ რამაზ გერლიანის ტელეფონი და წერილი იპოვა

პოლიციამ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტის, რამაზ გერლიანის ტელეფონი და წერილი იპოვა. გერლიანის გაუჩინარებაზე გამოძიება გუშინ, 20 დეკემბერს, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო

ინტეპრესნიუსის ინფორმაციით, წერილი და ტელეფონი ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღეს - ტელეფონს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია. IPN-ის ცნობითვე, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი წერს, რომ "ბევრი ითმინა" და "დაიღალა", ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას სთხოვს.    

საქმეზე დაკითხეს გერლიანის დაც. ის ამბობს, რომ ჰკითხეს, ჰქონია თუ არა რამაზ გერლიანს კონფლიქტი ყოფილ ცოლთან ან სხვა ადამიანთან. მისივე მტკიცებით, გერლიანის ყოფილმა ცოლმა გამოძიებას ცრუ ჩვენება მისცა და თქვა, რომ პირს, რომელიც გერლიანის წერილშია მხილებული, არ იცნობდა. 

"ჩემმა რძალმა მისცა ცრუ ჩვენება პოლიციას, პოლიციასთან უარყო მან, რომ ამ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს და ჩემი ძმა ბოდავს. ეს ქალბატონი რაღაცას აფარებს ხელს, იმ პიროვნებას კარგად იცნობს, კარგად არის გათვიცნობიერებული, რას აკეთებდნენ, რას მოქმედებდნენ რამაზ გერლიანის წინააღმდეგ". - ამბობს ის მთავართან ინტერვიუში. 

რამაზ გერლიანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 20 დეკემბერს გახდა ცნობილი. ოჯახის ცნობით, ამავე დღეს მისი მანქანა ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან იპოვეს, მანქანაში საბუთები და მისი პირადი ნივთები იყო. "იმედია, ახლა მაინც იპოვით მოსასმენებს". - დის ინფორმაციით, მანქანაში ნაპოვნი ეს წერილი მიანიშნებს, რომ რამაზ გერლიანის ვარაუდით, მის მანქანასა და სახლში მოსასმენი აპარატურა იყო დაყენებული.

გაუჩინარებამდე, 19 დეკემბერს, რამაზ გერლიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ერთ-ერთ პოლიციელს ამხელდა. გერლიანი წერდა, რომ პოლიციელი მის სახლში უკანონოდ შეიჭრა და მას ცრუ მოტივით "დაკითხვა მოუწყო", შეურაცხყოფა მიაყენა. წერილი გერლიანის გვერდზე აღარ იძებნება. Facebook-პოსტში გერლიანმა ასევე გამოაქვეყნა იმ ადამიანის ფოტოები, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებდა. წერილი მის გვერდზე 20 დეკემბრის საღამოს შემდეგ აღარ იძებნება. 

"რახან ამ პოსტს კითხულობთ, მთლად კარგად არ არის საქმე, რადგან ახლა უკვე ყველაფერი სულერთია. იცნობდეთ ამ ნაგავ ბო*ის გაზრდილ ბარიგას... გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსებაშელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისხლძარღვი. ყოველი სუნთქვა, თვეზე მეტია, წამებად მექცა. 

ამ ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავერბოვკებითა და გამოყენებით, მოახერხა ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა. განადგურებული ვარ!". – წერს რამაზ გერლიანი.

იმავე პოსტში ეკონომისტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მონიშნა. ამ უკანასკნელმა, რამაზ გერლიანის განმარტებით, გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა, ხოლო შსს-ში კი გამოძიება "დუნედ" მიმდინარეობს. 

"როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე სხვადასხვა საშუალებით. მ.შ. პერსონალურ ინფორმაციას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვი, რომ ჩემი კონტროლის მონაცემებს გადასცემდა/ყიდდა მესამე პირზე (პირებზე), ისევე, როგორც ავტონაწილებს აბარიგებს. 

არ არის გამორიცხული, რომ ჩემ მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და სხვა კონტროლის სისტემებს. 

ჩვენივე ფულით გამომძღარი ასეთი ნაბო*არი ნაგვები, ნაცვლად იმისა, გვემსახურონ და ემსახურონ სამართალს, დედას უ**ნავენ ჩვენს მომავალს!

განვაცხადე. პოლიციაში მდორედ მიდის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ 35 დღეა გასული ჩემი მიმართვიდან (ნაძალადევის მე-7 სამმართველო). 

გენერალური ინსპექციიდან კონკრეტული ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ჩათვალა, მათ ქვემდებარე დანაშაულს არ განეკუთნება, ანუ გამოძიება არ დაიწყეს. 

პოლიცია მალავს, მაგრამ მე თვითონ დავაიდენტიფიცირე და ვასაჯაროვებ ამ ნაგავს. 

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ. დისკრედიტაცია გინდოდათ, ფსკერზე ვარ. ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ, ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა, მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ". – დაწერა რამაზ გერლიანმა 19 დეკემბერს.

კომენტარები