რამაზ გერლიანის გაუჩინარება

შსს-მ რამაზ გერლიანის გაუჩინარებაზე გამოძიება დაიწყო

რამაზ გერლიანი
ფორმულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტის, რამაზ გერლიანის გაუჩინარებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

რამაზ გერლიანის და ჟურნალისტებთან ყვება, რომ ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც გერლიანმა გაუჩინარებამდე Facebook პოსტში ამხილა, უკანონოდ იჭრებოდა მისი ძმის სივრცეში, ოჯახში, სადაც მისი ყოფილი ცოლი და შვილები ცხოვრობენ და ცდილობდა გერლიანზე ინფორმაციის გაგებას, ამის შემდეგ, 14 ნოემბერს მან პოლიციას მიმართა. 

"ჩვენ ადამიანები პოლიციასთან მივდივართ დახმარების თხოვნით და ისინი ამას იკიდებენ სრულიად ფეხებზე. დასახელებული იყო პოლიციელი, რომელიც უკანონოდ შეიჭრა ჩემი ძმის სივრცეში, ასევე შეიჭრა ოჯახში, სადაც ყოფილი ცოლი და შვილები იყვნენ და ცდილობდა, რომ მათგან გაეგო რაიმე ინფორმაცია. ჩემმა ძმამ 14 ნოემბერს მიმართა პოლიციას, რომ გაერკვიათ ვინ იყო ეს პიროვნება. ყოფილი ცოლი ზოგჯერ ასახელებდა და ამბობდა, რომ იყო ეს [პოლიციელი] თავისი მეგობარი, ზოგჯერ კატეგორიულად ამბობდა, რომ არ იცნობს. ყოფილმა მეუღლემ არაფერი იცის, ის შანტაჟის მსხვერპლია". - ამბობს გერლიანის და.


გაუჩინარებამდე, 19 დეკემბრის დილას რამაზ გერლიანმა Facebook-ზე დიდი პოსტი დაწერა, სადაც ერთი კონკრეტული პოლიციელი უკანონო თვალთვალში და მასზე ზეწოლაში ამხილა. მან ასევე გამოაქვეყნა იმ ადამიანის ფოტოებიც, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებს. აღნიშნული პოსტი რამაზ გერლიანის Facebook გვერდზე აღარ იძებნება.

"რახან ამ პოსტს კითხულობთ, მთლად კარგად არ არის საქმე, რადგან ახლა უკვე ყველაფერი სულერთია. იცნობდეთ ამ ნაგავ ბო*ის გაზრდილ ბარიგას... გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსებაშელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისხლძარღვი. ყოველი სუნთქვა, თვეზე მეტია, წამებად მექცა. 

ამ ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავერბოვკებითა და გამოყენებით, მოახერხა ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა. განადგურებული ვარ!". – წერს რამაზ გერლიანი.

იმავე პოსტში ეკონომისტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მონიშნა. ამ უკანასკნელმა, რამაზ გერლიანის განმარტებით, გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა, ხოლო შსს-ში კი გამოძიება "დუნედ" მიმდინარეობს. 

"როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე სხვადასხვა საშუალებით. მ.შ. პერსონალურ ინფორმაციას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვი, რომ ჩემი კონტროლის მონაცემებს გადასცემდა/ყიდდა მესამე პირზე (პირებზე), ისევე, როგორც ავტონაწილებს აბარიგებს. 

არ არის გამორიცხული, რომ ჩემ მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და სხვა კონტროლის სისტემებს. 

ჩვენივე ფულით გამომძღარი ასეთი ნაბო*არი ნაგვები, ნაცვლად იმისა, გვემსახურონ და ემსახურონ სამართალს, დედას უ**ნავენ ჩვენს მომავალს!

განვაცხადე. პოლიციაში მდორედ მიდის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ 35 დღეა გასული ჩემი მიმართვიდან (ნაძალადევის მე-7 სამმართველო). 

გენერალური ინსპექციიდან კონკრეტული ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ჩათვალა, მათ ქვემდებარე დანაშაულს არ განეკუთნება, ანუ გამოძიება არ დაიწყეს. 

პოლიცია მალავს, მაგრამ მე თვითონ დავაიდენტიფიცირე და ვასაჯაროვებ ამ ნაგავს. 

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ. დისკრედიტაცია გინდოდათ, ფსკერზე ვარ. ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ, ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა, მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ". – დაწერა რამაზ გერლიანმა 19 დეკემბერს.

კომენტარები