რამაზ გერლიანის გაუჩინარება

Facebook-ზე პოლიციელის მხილების შემდეგ ეკონომისტ რამაზ გერლიანს ახლობლები ეძებენ

რამაზ გერლიანი
ფორმულა

ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს, რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები ეძებენ. ამის შესახებ ისინი Facebook-ზე წერენ და ნომერს ავრცელებენ, ვის უნდა დაუკავშირდეთ იმ შემთხვევისთვის, თუკი რამაზ გერლიანს დაინახავთ. 

"მეგობრებო, ყველას ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ პოსტი. გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა რამაზ გერლიანი. თუ ვინმე სადმე შეამჩნევთ, ან რაიმე ინფორმაციას ფლობთ, სასწრაფოდ დარეკეთ ნომერზე: 597146522. ბოლოს მანქანა იპოვეს ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან. გადააზიარეთ პოსტი უმორჩილესად გთხოვთ". – წერს სალომე შავიანიძე. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ამ საკითხს არკვევენ და ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწოდებენ მედიას.

სალომე შავიანიძე, რომელიც ამბობს, რომ რამაზ გერლიანი მისი ახლობელია, კომენტარებში ასევე განმარტავს, რომ ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან ნაპოვნი ავტომობილის კარი ღია იყო, მანქანაში კი საბუთები ეწყო. 

გაუჩინარებამდე, 19 დეკემბრის დილას რამაზ გერლიანმა Facebook-ზე დიდი პოსტი დაწერა, სადაც ერთი კონკრეტული პოლიციელი უკანონო თვალთვალში და მასზე ზეწოლაში ამხილა. მან ასევე გამოაქვეყნა იმ ადამიანის ფოტოებიც, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებს. 

"რახან ამ პოსტს კითხულობთ, მთლად კარგად არ არის საქმე, რადგან ახლა უკვე ყველაფერი სულერთია. იცნობდეთ ამ ნაგავ ბო*ის გაზრდილ ბარიგას... გაფარჩაკებული, პატივაყრილი და ღირსებაშელახული ვარ! შიგნიდან მწვავს ყველა სისხლძარღვი. ყოველი სუნთქვა, თვეზე მეტია, წამებად მექცა. 

ამ ნაგავმა "პოლიციელმა" ჩემივე ყოფილი ოჯახის წევრის დავერბოვკებითა და გამოყენებით, მოახერხა ჩემს კერძო საკუთრებაში, ჩემს სამუშაო და ჩემი შვილების სამყოფელ სივრცეში ვირთხასავით შემოღწევა. 14 ნოემბერს შეიარაღებული დამხვდა ჩემს ბინაში თავხედურად ცრუ მოტივით დაკითხვა მომიწყო, მომაყენა შეურაცხყოფა. განადგურებული ვარ!". – წერს რამაზ გერლიანი. 

იმავე პოსტში ეკონომისტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მონიშნა. ამ უკანასკნელმა, რამაზ გერლიანის განმარტებით, გამოძიების დაწყებაზე უარი თქვა, ხოლო შსს-ში კი გამოძიება "დუნედ" მიმდინარეობს. 

"როგორც ჩანს, პოლიციის მუნდირის გამოყენებით აგროვებდა ინფორმაციას, როგორც საპოლიციო სისტემით ასევე სხვადასხვა საშუალებით. მ.შ. პერსონალურ ინფორმაციას ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების შესახებ. სავარაუდოდ მოქმედებს დავალება/დაკვეთით. საფუძვლიანია ეჭვი, რომ ჩემი კონტროლის მონაცემებს გადასცემდა/ყიდდა მესამე პირზე (პირებზე), ისევე, როგორც ავტონაწილებს აბარიგებს. 

არ არის გამორიცხული, რომ ჩემ მიმართ იყენებდა თვალთვალის, მიყურადების და სხვა კონტროლის სისტემებს. 

ჩვენივე ფულით გამომძღარი ასეთი ნაბო*არი ნაგვები, ნაცვლად იმისა, გვემსახურონ და ემსახურონ სამართალს, დედას უ**ნავენ ჩვენს მომავალს!

განვაცხადე. პოლიციაში მდორედ მიდის საქმე, მიუხედავად იმისა, რომ 35 დღეა გასული ჩემი მიმართვიდან (ნაძალადევის მე-7 სამმართველო). 

გენერალური ინსპექციიდან კონკრეტული ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია არ არის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა ჩათვალა, მათ ქვემდებარე დანაშაულს არ განეკუთნება, ანუ გამოძიება არ დაიწყეს. 

პოლიცია მალავს, მაგრამ მე თვითონ დავაიდენტიფიცირე და ვასაჯაროვებ ამ ნაგავს. 

დამარცხება გინდოდათ, მე განადგურებული ვარ. დისკრედიტაცია გინდოდათ, ფსკერზე ვარ. ჩემზე ზეგავლენა და მართვა გინდოდათ, ვერ მიიღებთ. კანონი დუმს. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. ისე ვარ, მინდა, მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ". – დაწერა რამაზ გერლიანმა 19 დეკემბერს. 

კომენტარები