3+3 პლატფორმა

სერგეი ლავროვმა ინალ არძინბასთან და დმიტრი მედოევთან 3+3 ფორმატი განიხილა

დმიტრი მედოევი და სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოჭში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას და ცხინვალის რეგიონის, ე.წ სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი მედოევს შეხვდა. ლავროვმა არძინბას და მედოევს რუსეთის მხარდაჭერა დაუდასტურა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ლავროვმა არძინბასთან და მედოევთან ერთად კავკასიაში არსებული მდგომარეობა და ევროპის უსაფრთხოების საკითხები განიხილა.

"ლავროვმა კოლეგებს ამცნო რუსეთის ძალისხმევის შესახებ რეგიონში მდგომარეობის გაჯანსაღებისთვის, მათ შორის რუსეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერების 2020 წლის 9 ნოემბრის და 2021 წლის 11 იანვრისა და 26 ნოემბრის შეთანხმებების რეალიზაცის და ასევე რეგიონული საკონსულტაციო პლატფორმის 3+3-ის ჩაშვების შესახებ. ასევე განხილული იყო სხვა საერთაშორისო საკითხები, მათ შორის ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობა." – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გამოიხატა საგარეო პოლიტიკის საერთო მიმართულება "სოხუმის და ცხინვალის საზღვარგარეთის ქვეყნებთან კავშირების გაფართოების აქცენტით".

"მინისტრებმა კმაყოფილებით აღნიშნეს რუსეთის ფედერაციის და ამიერკავკასიის ახალგაზრდა რესპუბლიკების სამოკავშირეო ურთიერთობების დინამიკა. რუსეთის მხრიდან დადასტურებულია აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის საერთაშორისო თანადგომის აღმოჩენა მათი სახელმწიფოებრიობის შენებაში, უსაფრთხოების განმტკიცებაში, სოციალურ-ეკონომიკური და ჰუმანიტარულ-კულტურული სფეროების განვითარებაში." – აღნიშნავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

3+3 პლატფრომის პირველი შეხვედრა 10 დეკემბერს მოსკოვში გაიმართა. შეხვედრას საქართველო არ დასწრებია. მიუხედავად ამისა, სხდომაზე საქართველოს დროშა მაინც იყო აღმართული.

2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა წამოაყენა ექვსი ერის პლატფორმის, იგივე ე.წ. 3+3 ფორმატის შექმნის იდეა. ეს გულისხმობს თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, რუსეთისა და ირანის კოოპერაციას რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დასამყარებლად. 

ერდოღანმა ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ გაიმეორა 2021 წლის ივნისში, აზერბაიჯანში ვიზიტის დროს და თქვა, რომ კავკასიის რეგიონში მშვიდობის დამყარება რეგიონული კოოპერაციითაა შესაძლებელი და ეს მთელი მსოფლიოსთვის სასიკეთო იქნება.

2021 წლის მარტში, დავით ზალკალიანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი საგანი 3+3 ფორმატიც იყო. შეხვედრის შემდეგ მევლუთ ჩავუშოღლუმ თქვა, რომ მას ესმოდა თბილისის ფრთხილი პოზიცია ამ რეგიონულ იდეასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა თურქეთის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

კომენტარები