პრეზიდენტის ინიციატივა შერიგებაზე

ლელო თანხმობის მისაღწევად პრეზიდენტის მიწვევას ელოდება

ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია მზად არის თანხმობის მიღწევის მცდელობის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღოს და ამისთვის, სალომე ზურაბიშვილისგან მიწვევას ელოდებიან.

ჯაფარიძის შეფასებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროცესია და პარტიულ ინტერესებზე წინ ყველამ ქვეყნის პრიორიტეტები უნდა დააყენოს.

"ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის მიწვევას, ჩვენ მზად ვართ, რომ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, რომელსაც ჰქვია თანხმობის მიღწევის მცდელობა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებს შორის, საზოგადოების გამთლიანებისკენ ნაბიჯის გადადგმა - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. აქ ილუზია არ უნდა გვქონდეს, რომ უცებ, ან ერთ კვირაში, ან ორ კვირაში შეიძლება ყველა პრობლემა, რაც დაგროვდა წლების განმავლობაში ახლა უცებ გადაიჭრას, მაგრამ აუცილებელია, დავიწყოთ პროცესი, შედგეს პროცესი, შევთანხმდეთ ფორმატზე და ვიფიქროთ იმაზე, რომ ყველამ, ქვეყნის პრიორიტეტები დავაყენოთ წინ და არა პარტიული ინტერესები. ბევრი თემა არის განსაკუთრებული პრიორიტეტის მქონე.

ეს არის, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საკითხები, პოლიტიკური მართლმსაჯულება, გამოწვევები ეკონომიკის კუთხით და შეცვლა, პოლიტიკური ველის იმ კონტრპოდუქტიული პოლიტიკური ველიდან, რაც დაფუძნებულია ზიზღზე, სიძულვილზე. უნდა გარდავქმნათ ის შესაძლო კოოპერაციის და თანამშრომლობის ველში, როდესაც ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური პარტიები ახერხებენ შეჯერდნენ ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტებზე", - ავრცელებს ბადრი ჯაფარიძის კომენტარს ინტერპრესნიუსი.

ამასთან ერთად, ბადრი ჯაფარიძე მიესალმება საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ჩართვას პროცესში, რასაც მისივე თქმით, "ჰქვია დიალოგის დაწყება, თანხმობისკენ გადადგმული ნაბიჯი".

გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 20 დეკემბერს, დაადასტურა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა და მასთან არაერთი საკითხი განიხილა, მათ შორის კი იყო ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ინიციატივა ე.წ "ინკლუზიური გარემოს" შექმნაზე, რომლის მიზანსაც პოლიტიკური აქტორების შერიგება წარმოადგენს.  ამასთან ერთად, მან მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების სურვილი გამოთქვა.

 სალომე ზურაბიშვილი 10 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, დღეს დემოკრატია გამოწვევების წინაშე დგას და, ფაქტობრივად, მის წინააღმდეგ ომია გამოცხადებული.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს, ზურაბიშვილი პოლარიზაციის გადაჭრის საკითხს შეეხო და დადო პირობა, რომ წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს "უახლესი ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად" და წინ წასასვლელად. საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ "შერიგების პროცესის" ვალდებულება აიღო.

16 დეკემბერს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნაძვის ხის გახსნის ცერემონიალზე ორბელიანების სასახლეში მიღებაზე მიიწვია ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები და მათ "ეროვნული თანხმობის პროცესზე" ესაუბრა. ოპოზიციის ნაწილი მიღებაზე არ მივიდა. 

კომენტარები