მიანმარი

Reuters: მიანმარის ჯუნგლებში მოქალაქეები პარტიზანული ომისთვის ემზადებიან

აღმოსავლეთ მიანმარში, ჯუნგლებში საიდუმლო  ბანაკში სამოქალაქო პირები შეიარაღებულ პარტიზან მებრძოლეებთან ერთად წვრთნებს გადიან, რათა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობა გაუწიონ. 

2021 წლის სამხედრო გადატრიალებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებსაც მიანმარის ხუნტის წარმომადგენლები ძალის გამოყენებით, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღითაც შლიდნენ. დაიღუპა ასობით ადამიანი. ბანაკის ნაწილის განმარტებით, სამხედრო ბრძოლაში ჩართვა გადაწყვიტეს, რადგან ახალი მმართველის დასამარცხებლად სამოქალაქო პროტესტი ეფექტური არ აღმოჩნდა. "სამხედროების დამარცხება ერთადერთი გზაა, რაც დაგვრჩა", - ამბობს 34 წლის აქტივისტი.

წვრთნებს ხელმძღვანელობს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფის სამხედრო დაჯგუფება - კარენის ეროვნული გაერთიანება, რომელიც მხარს უჭერს პროტესტის მონაწილეებს და მათ საკუთარ ტერიტორიაზე თავშესაფრებს სთავაზობს.


პირველ თებერვალს მიანმარში სამხედრო გადატრიალებმოხდა. ქვეყანაში ერთი წლით გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, ძალაუფლება კი სამხედრო ძალებს გადაეცა, კონკრეტულად - მთავარსარდალ მინ აუნ ჰლაინს.

სამხედრო გადატრიალება არჩევნების შემდგომ სამოქალაქო ხელისუფლებასა და სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების ზრდას მოჰყვა. შეიარაღებული ძალების ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ნოემბერში გამართული არჩევნები, რომელშიც აუნ სან სუ ჩის პარტიამ გაიმარჯვა, გაყალბდა.

სამხედრო გადატრიალებას ქვეყანაში ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტების წინააღმდეგ უშიშროების ძალები მომაკვდინებელ ძალას იყენებს. ადგილობრივი ორგანიზაციის, პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის ცნობით, სამხედრო გადატრიალების შემდეგ უშიშროების ძალებმა 860 ადამიანი მოკლეს, დაკავებულია 5 000-მდე ადამიანი.

ხუნტისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მიანმარის ეროვნული ერთობის მთავრობამ სახალხო თავდაცვის ძალები ჩამოაყალიბა. სახალხო თავდაცვის ძალები ხუნტამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. 

აშშ-მ და ევროკავშირმა მიანმარის სამხედრო ლიდერებს მარტში სანქციები დაუწესეს. 17 მაისს აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ მიანმარის სამხედრო ხუნტას დამატებითი სანქციები დაუწესა.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ ქვეყნის ყოფილ სახელმწიფო მრჩეველს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და დე ფაქტო ლიდერს, აუნ სან სუ ჩის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის დაადანაშაულეს და ბრალდებულად ცნეს Covid-19-ის რეგულაციების დარღვევების წახალისებაში, ბუნებრივი კატასტროფების კანონის ქვეშ. 

კომენტარები