პოლიტიკური კრიზისი

"გვექნება კონკრეტული გზავნილები პარტნიორებთან" – ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

ტაბულა

ოპოზიციური პარტიების წევრების შეხვედრა დასრულდა. ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, შეხვედრა ძირითადად პოლიტიკური მართლმსაჯულების წნეხს შეეხებოდა, რაც, დეკანოიძის თქმით, არსებული რეჟიმის პირობებში ოპოზიციასთან და მედიასთან ბრძოლის ერთ-ერთ იარაღადაა ქცეული.

დეკანოიძის თქმით, სწორედ ესაა საკითხი, რაც საერთაშორისო პარტნიორებს აწუხებთ და ასევე წარმოადგენს ერთ-ერთი ყველაზე დიდ დაბრკოლებას ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

"მაგალითად, ხვალაა პროცესი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის, როდესაც შესაძლებელია დადგეს ის განაჩენი, რომელიც უნდა ბიძინა ივანიშვილს და ამ შემთხვევაში, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რას აკეთებს კოორდინირებულად ოპოზიცია, როგორ მოვიქცეთ, მათ შორის პოლიტიკური მართმსაჯულების მიმართულებით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ასევე ნიკა გვარამიას და ყველა იმ ადამიანის წინააღმდეგ რა შეიძლება ეფექტურად გამოიყენოს ოპოზიციამ, როგორც ბრძოლის მექანიზმი.

პირველი, ესაა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი, გვექნება ძალიან კონკრეტული გზავნილები მათ მიმართ. მეორე, ესაა შიდა საზოგადოებრივი წნეხი და ამ შემთხვევაში ვისაუბრეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კუთხით და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი იარაღი ბრძოლის ოპოზიციისა და საზოგადოების ხელში და ზოგადად კიდევ უფრო მეტი კოორდინაცია გვქონდეს.

ამიტომ, ვქირქობ, რომ ახლა დროა, მიუხედავად განსხვავებულობისა, ოპოზიცია მაქსიმალურად იყოს კოორდინირებული. ჩვენ გულწრფელად რომ გითხრათ, გვქონდა ეს კოორდინაცია, მაგრამ მეტწილად ვფიქრობ, რომ გვაკლდა, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ კოორდინაციის კუთხით კიდევ გავაქტიურდეთ". – ამბობს ხატია დეკანოიძე შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, 2019 წლის 22 აგვისტოს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, "რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". ავთანდილ წერეთელი ტელეკომპანია პირველის ხელმძღვანელის, ვახტანგ წერეთლის მამაა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესკი ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათას ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული, ამასთან, პროკურატურის გაფრთხილების და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება ეკრძალებათ.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. 14 თებერვალს კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა და TBC ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომა მოითხოვა. განცხადებაში სებ-ი წერდა, რომ "ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველია თიბისი ბანკის შემოწმებისას დაფიქსირებული ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. საკითხის შესწავლისას გამოვლინდა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევა".

2020 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, TBC ბანკმა განაცხადა, რომ ბანკი დავას წყვეტს საქართველოს ეროვნულ ბანკს და გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას 1 მლნ ლარის ოდენობით.

2020 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან თქვა, რომ სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მას აშანტაჟებდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა.

ამ საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი TV პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა მას TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 27 აგვისტოს 500 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

კომენტარები