მიხეილ სააკაშვილი

"დეპრესია, PTSD, სისუსტე, ანემია" – ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა სააკაშვილზე

Georgian Journal

"მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია. ფსიქიური თვალსაზრისით არის ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტტრამვული აშლილობა, ჩვენი მოსაზრებით", - სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარმოადგინა.

ჯგუფში შემავალი ნევროლოგის, თენგო წულაძის თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს პოსტტრამვული სტრესული აშლილობა [PTSD] და ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია აქვს, რის გამოც კონსილიუმი ფსიქოთერაპიის რეკომენდაციას გასცემს.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო, ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან რჩება გარკვეული პათოლოგია - მზერის პარეზი, წონასწორობის დარღვევა, ზოგადი სისუსტე, ასევე გამოხატულია ანემია. ფსიქიური თვალსაზრისით არის ზომიერიდან მძიმემდე დეპრესია და პოსტტრამვული აშლილობა, ჩვენი მოსაზრებით.

სომატური მდგომარეობას რაც შეეხება, პაციენტის მკურნალობა მიმდინარეობს და სტაბილურია, თუმცა გვაქვს მოსაზრებები, რაც ჩვენ დეტალურად გავწერეთ დანართში და ეს მოსაზრებები გადაეცემათ. ჩვენი რეკომენდაციები თავიდანვე იყო, 25 ნოემბერს ვიყავით და მაშინაც გავეცით ფსიქოთერაპიის შესახებ რეკომენდაციები, მაგრამ არ შესრულდა, ან ვერ შესრულდა რაღაცა მიზეზების გამო და ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს და ფიზიკური რეაბილიტაციაც ძალიან მნიშნელოვანია. მოგეხსენებათ, ნევროლოგიური დაავადებები ხშირად არ მთავრდება ერთ დღეში და ერთ კვირაში და ამიტომ ხანგრძლივად საჭიროებს რეაბილიტაციას, რეაბილიტაციას კიდევ ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტტრამვული სტრესული აშლილობაც და ფსიქოთერაპია ამ მხრივაც დაგვეხმარება, რომ რეაბილიტაცია სრული მოცულობით ჩატარდეს", - თქვა მან.

თენგო წულაძის თქმით, სახალხო დამცველთან არსებული ჯგუფი მხარს არ უჭერს მიხეილ სააკაშვილის გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანას, რადგან მისივე თქმით, "პოსტტრამვული სტრესული აშლილობის მკურნალობა უნდა მოხდეს იმ გარემოში, რომელიც იმ სტრესს არ აგონებს ადამიანს, სადაც სტრესი მიიღო".

"პოსტტრამვულ სტრესულ აშლილობაში იგულისხმება "შუმოკები", გადაყვანის დროს სტრესი, დაპატიმრების დროს სტრესი, ძველი სტრესებიც მოჰყვება მას და ამან კიდევ უფრო გაუახლა ეს სტრესები", - თქვა წულაძემ.

ჯგუფში შემავალი სპეციალისტის - ფსიქიატრი მარინე კურატაშვილის თქმით, ის არ ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამებას და ამის ნიშნებს ვერ ხედავს.

"მე სათითაოდ გავეცანი იმ მედიკამენტებს, რომელიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ და აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი ფარმაკოლოგიური წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმალური დოზა, კეტილეფტზე ვსაუბრობ, მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს, ზოგჯერ მისი თხოვნითაც". - ამბობს კურატაშვილი. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ექსპერტთა ჯგუფმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 12 დეკემბერს მოინახულა.

კომენტარები