NATO-რუსეთი

წერეთელი МИД-ზე: ქართველებს, უკრაინელებს აქვთ უფლება გადაწყვიტონ, რომელ ალიანსში იქნებიან

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს (МИД) მოთხოვნას ეხმაურება, გააუქმონ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. წერეთლის თქმით, რუსეთი საქართველოსა და უკრაინის NATO-სკენ სწრაფვას საფრთხედ აღიქვამს, ამიტომ ამ პროცესს ყველანაირად ხელს უშლის.

"რუსეთის საგარეო პოლიტიკური და უსაფრთხოების დოქტრინის მთავარი ამოცანა ის არის, რომ არ დაუშვას ნატოს გაფართოება და რაღაცნაირად მიახლოება მის საზღვრებთან. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ასეთი ფაქტი პირველად არ ხდება. რუსეთი მუდმივად რეჟიმშია, ხოლო ნატო მუდმივად არწმუნებს მათ იმაში, რომ ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ არ ხდება და ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ხალხს თავად აქვს უფლება გადაწყვიტოს რომელ ქვეყნებთან, რომელ ალიანსში იქნებიან ისინი. ამიტომ ამ განცხადებებს მოჰყვა უკვე პასუხები, მათ შორის, სტოლტენბერგის მხრიდან. ეს არის საქართველოს სუვერენული უფლება და საქართველო არასდროს არ გამოიყენებს ნატოს წევრობას ვინმეს საწინააღმდეგოდ. ამავდროულად ხელისუფლების პოზიცია უნდა იყოს ძალიან მტკიცე და პრინციპული, როცა ეს ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება და ასევე უნდა ესმოდეთ, რომ ნატო არის ღირებულებითი კავშირი, როდესაც ქვეყნის შიდა ვითარება არ არის შესაბამისი ამ ღირებულებებთან, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო იოლია რუსეთისთვის წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას". – თქვა წერეთელმა.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

რუსეთის მოთხოვნას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყება განცხადებას "მიუღებლად" მიიჩნევს.   

რუსეთი აშშ-სა და NATO-ს სხვა წევრებისგან ასევე მოითხოვს იურიდიულ შეთანხმებას, რომ მის მეზობელ ქვეყნებში არ განლაგდება საიერიშო დანადგარები, რომლებიც მათ საფრთხეს შეუქმნის. ეს მოთხოვნა ვრცელდება როგორც ალიანსის არაწევრს, ისე წევრ ქვეყნებზე. 

ამას გარდა, რუსეთი ითხოვს ალიანსის შეხების ხაზიდან ოპერატიული სწავლების რაიონების გაყვანას,საბრძოლო ხომალდებისა და თვითმფრინავების მოახლოების მანძილის შეთანხმებას, განსაკუთრებით ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში, ასევე NATO-რუსეთისა და NATO-აშშ-ს თავდაცვის უწყებებს შორის რეგულარული დიალოგის განახლებას.

რამდენიმე დღის წინ, 8 დეკემბერს გაიმართა ვიდეოშეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. მათი განხილვის მთავარი საგანი უკრაინის საკითხი იყო. როგორც შეხვედრის შემდეგ ბაიდენის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, აშშ-ს პრეზიდენტი არც ერთ დათმობაზე არ წასულა.

NATO-სა და რუსეთის ფედერაციას შორის 2021 წელს სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა, მას შემდეგ, რაც მათი დიპლომატიური ურთიერთობა უკიდურესად გაუარესდა. რთული ვითარების კიდევ უფრო გამძაფრება გამოიწვია უკრაინის საზღვრებთან არსებულმა დაძაბულობამ.

კომენტარები