ვიქტორ სანიკიძე

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე გახდა – ის ერთადერთი კანდიდატი იყო

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიქტორ სანიკიძე გახდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი იყო. 

ყრილობაზე 39 დელეგატიდან ყველა გამოცხადდა, სანიკიძემ ხმების 100% მიიღო. 

"მთავარი მიმართულება მასობრიობის გაზრდაა. ეს კონკურენციას გაზრდის და შედეგებიც გაუმჯობესდება. მნიშვნელოვანია ეროვნული ჩემპიონატის მაღალ დონეზე აყვანა, რაც ნაკრების შედეგებზე პირდაპირ აისახება. კალათბურთი რომ განვითარდეს ეროვნული ჩემპიონატი უნდა იყოს ძლიერი. რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო მხარდაჭერის შესახებ – კალათბურთში 100 მილიონი ლარი ჩაიდება. ჩემ მხრიდან, ვეცდები კალათბურთის განვითარებისთვის კიდევ უფრო მეტი ფინანსები მოვიზიდო". - თქვა სანიკიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. 

სანიკიძე ერთადერთი კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურა მოხსნა. 

"მე და ვიქტორ სანიკიძე დავსხედით, ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში წარვდგებით ერთი გუნდით და ერთი კანდიდატით. ეს კანდიდატი იქნება ვიქტორ სანიკიძე". - თქვა მან.  

გურასპაული ფედერაციის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს და მაშინაც ის ერთადერთი კანდიდატი იყო. 

კომენტარები