პოლიტიკური კრიზისი

2021 წელს ქვეყანა განგრძობადი პოლიტიკური კრიზისით შეხვდა – SJC-ის წლიური ანგარიში

ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს და მიმდინარე წელს აჯამებს. განცხადების მიხედვით, 2021 წელს ქვეყანა განგრძობადი პოლიტიკური კრიზისით შეხვდა, რომელიც ვერც 19 აპრილის შეთანხმებამ და ვერც თვითმმართველობის არჩევნებმა ვერ განმუხტა.

ანგარიშის მიხედვით, მესამე პრეზიდენტის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი ვითარების რადიკალიზებას. სააკაშვილის ფაქტორმა პოლარიზების სიტუაცია გააღრმავა და ამ ფონზე მცირე პოლიტიკური პარტიების გავალენები და საარჩევნო მაჩვენებელები კიდევ უფრო შესუსტდა.

"პოლიტიკური პოლარიზების გარემომ და მმართველ პოლიტიკურ გუნდში მიმდინარე რთულმა და არადემოკრატიულმა შიდა პროცესებმა არსებითად დააზიანა ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესი. პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშნვნის შემდეგ მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან ისმოდა შემაშფოთებელი განცხადებები ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. ევროკავშირთან ურთიერთოების პროცესები კი აშკარად კრიზისშია შესული, რასაც არა ერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული მძიმე და საგანგაშო განცხადებაც ადასტურებს". – წერია ანგარიშში

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობა მკაფიოდ პრობლემური იყო, ხოლო არსებული მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზებისა და კლანური სტრუქტურის გათვალისწინებით, ცხადია, ჩნდება ეჭვები, რომ მიხელ სააკაშვილის მიმართ მართლმსაჯულება დამოუკიდებელი და სამართლიანი ვერ იქნება.

ასევე, ყურადღება გამახვილებულია თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ახლადარჩეულ ოპოზიციონერ დეპუტატებზე ზეწოლის ფაქტებზე, კერძოდ, კი ბათუმის საკრებულოს ახლადარჩეული წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე, სადაც იკვეთება საკრებულოს ოპოზიციონერ წევრზე იძულების ნიშნები, ემოქმედა მმართველი პოლიტიკური გუნდის ინტერესების სასარგებლოდ. მსგავსი ტენდენცია იკვეთება დმანისშიც, სადაც ასევე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რამიზ რამაზანოვის მიმართ იკვეთება ზეწოლის ნიშნები.

"2021 წლის სექტემბერში გამოქვეყნებულმა კრებსებმა, რომელიც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასობრივ უკანონო მოსმენებს აჩვენებს, კიდევ ერთხელ გამოავლინა პოლიტიკურ სისტემაში უსაფრთხოების სამსახურების ჭარბი გავლენები და მათი შეღწევა მიკრო სოციალური ურთიერთობებშიც, რაც სოციალური კონტროლის და უნდობლობის უმძიმეს გამოცდილებას ქმნის". – წერია განცხადებაში

ანგარიშში ნახსენებია 5 ივლისს განვითარებული მოვლენებიც, როდესაც "პრაიდის" საწინააღმდეგო აქციაზე გამოვლინდა მასობრივი, წინასწარ ორგანიზებული ძალადობა ალტ-ინფოს ჯგუფის ლიდერების მხრიდან, რასაც 52 ჟურნალისტის უფლების და პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, მათ შორის, რამდენიმე მათგანის მიმართ ძალადობა მოჰყვა. აღნიშნულია, რომ აშკარად არ იკვეთება ხელისუფლების პოლიტიკური ნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისროს ძალადობრივი შეკრების ორგანიზატორებს.

"მიმდინარე წელს ისევ ვიხილეთ რელიგიური და ეთნიკური კონოტაციის მქონე სოციალური კონფლიქტები ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ხელისუფლებისთვის თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკაში პოზიტიური გარდაქმნებისა და არსებითი რეფორმების სიგნალი ისევ არ გახდა. მეტიც, ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში წინასაარჩევნო პროცესებმა და ხელისუფლების მხრიდან მათი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების გამოცდილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, ამ რეგიონების სუსტი ინტეგრაციის პოლიტიკის, დემოკრატიიდან გამორიცხვისა და პერიფერიალიზაციის პოლიტიკური განზრახვები".– წერია ანგარიშში

ორგანიზაციის თქმით, პოლიტიკური პოლარიზების, სუსტი დემოკრატიზაციისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პირობებში არსებითად შეუძლებელი ხდება ისეთ მნიშვნელოვან პოლიტიკური საკითხებზე მუშაობა, რომელიც კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციას და შერიგების პოლიტიკის ახალ საფეხურზე აყვანას დაუკავშირდება.

"ამდენად ღრმა და გადაუჭრელმა პოლიტიკურმა კრიზისმა და პოლარიზებამ, მმართველი პოლიტიკური გუნდის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნების არადემოკრატიულმა მცდლობებმა, პანდემიამ, ღრმა ეკონომიკურმა კრიზისმა და ინფილაციამ არსებითად გააუარესა ჩვენი მოქალაქეების ყოფა და უფლებრივი მდგომარეობა. აშკარაა, რომ სხვადასხვა ტიპის სოციალურ კონფლიქტსა და უკმაყოფილებას სახელმწიფო ვერ პასუხობს გრძელვადიანი სოციალური და სამართლებრივი რეფორმებით, რაც საბოლოოდ არასტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს ქმნის და სოციალურ უიმედობას იწვევს". – წერია ანგარიშში

კომენტარები