აშშ-საქართველო

დეგნანი ილია II-ზე: ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ელჩი, კელი დეგნანი მიიღო. 

საპატრიქრქოს ინფორმაციით, დეგნანმა ილია II-ს აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა და თქვა, რომ "პედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური". 

"ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა. ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური, - დასძინა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის". - წერია საპატრიარქოს განცხადებაში. 

საქართველოს საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, დეგნანმა ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ მათთვის დიდი პატივია წვლილი შეიტანონ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაში, როგორებიცაა გელათისა და ჯვრის მონასტრები.

"მან ბრძანა ისიც, რომ მომავალ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან და ამასთან დაკავშირებით გეგმავს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ელჩს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა". - წერს საპატრიარქო. 

კომენტარები