Pfizer-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სამი დოზა ვირუსის სამხრეთ აფრიკულ შტამს, ომიკრონს ანეიტრალებს.
კვლევის მიხედვით, ვაქცინის ბუსტერი დოზის მიღება ომიკრონის წინააღმდეგ ანტისხეულების რაოდენობას თითქმის 25-ჯერ ზრდის, რაც ორგანიზმის თავდაცვით შესაძლებლობებზე პოზიტიურად აისახება. ასევე, ცნობილი გახდა, რომ COVID-19-ის სხვა ვარიანტებთან შედარებით, ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებეფექტურია ომიკრონის წინააღმდეგ.
Pfizer-ის ცნობით, სპეციალურად ომიკრონის საწინააღმდეგო აცრა 2022 წლის მარტში იქნება მზად, თუმცა ახალი ვაქცინის შექმნამდე თავდაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ისევ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები რჩება.
"მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის ორი დოზა მაინც უზრუნველყოფს ომიკრონით გამოწვეული მძიმე გართულებებისგან დაცვას, წინასწარი მონაცემებიდან ირკვევა, რომ მაქსიმალური დაცვა Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზის მიღებით მიიღწევა.
COVID-19-ის გავრცელებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ვაქცინაცია რჩება". – ამბობს Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა.
ომიკრონი 50-მდე მუტაციას შეიცავს, მისი ცილოვანი სტრუქტურა კი – 30-ზე მეტს.
ექსპერტების ნაწილის შეფასებით, მისი არსებობა შემაშფოთებელია, რადგან სავარაუდოა, რომ მუტაციების სიჭარბემ ვირუსს გავრცელების შესაძლებლობები გაუზარდოს და იმუნურ სისტემაში შეღწევა გაუმარტივოს.
"ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვარიანტი, რომელიც ჩვენ დღემდე შეგვხვედრია. ამჟამად მიმდინარეობს გადაუდებელი კვლევები, რათა გავიგოთ მეტი ინფორმაცია მისი გავრცელების, სიმძიმისა და ვაქცინისადმი მგრძნობელობის შესახებ". – ამბობს დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯენი ჰარისი.