აშშ

აშშ, თავდაცვის ახალი ანგარიშით, უკრაინას $300 მილიონით დაეხმარება

აშშ-ს ყოველწლიური თავდაცვის ანგარიშის მიხედვით, რუსეთთან დაძალაბულობის ფონზე ამერიკა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს $300 მილიონით დაეხმარება. ამასთანავე, თავდაცვის ანგარიშში გამოთქმულია მზაობა, ჩინეთისგან ტაივანის დასაცავად.

კონგრესში არსებული მხარდაჭერის მიუხედავად,  ანგარიში არ ითვალისწინებს რუსული გაზსადენის - ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სანქცირებას. 

აშშ-ს 2022 წლის ეროვნული თავდაცვის ბიუჯეტში სამხედრო ხარჯებისთვის $770 მილიარდია გათვლილი. დოკუმენტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატასა და სენატში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის აქტიური მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს, ითვალისწინებს ჯარისკაცთა ხელფასის 2.7%-ით ზრდას და დამატებითი თვითმფრინავებისა და საზღვაო ხომალდების შეძენას. 

ამ წლის ანგარიში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, $300 მილიონით დაფინანსდება უკრაინის შეიარაღებული ძალები, $4 მილიონი გამოიყო ევროპული თავდაცვის ინიციატივისთვის და $150 მილიონი - ბალტიის დაცვის კოოპერაციისთვის. 

თეთრი სახლის თქმით, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ის რუსეთზე სანქციების დაწესების მომხრე იქნება. 

რაც შეეხება ჩინეთს, დოკუმენტი ითვალისწინებს $7.1 მილიარდს წყნარიოკეანეთის შეკავების ინიციატივასა და კონგრესის მზაობას, დაიცვას ტაივანის უსაფრთხოება. ამასთანავე, თავდაცვის სამინისტროს აეკრძალა პროდუქტების წარმოება იმ მასალების გამოყენებით, რომლებიც ჩინეთის სინძიანგის რეგიონში ადამიანთა შრომის ექსპლუტაციით მზადდება. აშშ-მ მუსლიმი უიღურებისადმი მოპყრობა გენოციდად შეაფასა, რასაც ჩინეთი უარყოფს და ამერიკის შეფასებებს სინძიანგთან დაკავშირებით ცილისმწამებლურს უწოდებს. 

კომენტარები