მიხეილ სააკაშვილი

პენიტენციური: სააკაშვილი სარგებლობს ტელევიზორით, არც ვიზიტორებთან შეხვედრა აქვს შეზღუდული

საზოგადოებრივი მაუწყებელი

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ცრუ ბრალდებებს უწოდებს. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ექსპრეზიდენტთან დაწესებულების უფლებამოსილი პირების ვიზიტი მისთვის უფლებამოვალეობების ოქმის გაცნობის მიზნით მოხდა, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების მოსამსახურეებს.

პენიტენციური სამსახურის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის შეხვედრების შეზღუდვასთან და ტელევიზორის ჩამორთმევასთან დაკავშირებით გავრცლეებული ინფორმაცია სიცრუეა. მათივე თქმით, ამ ეტაპზე ექსპრეზიდენტი შეუფერხებლად სარგებლობს როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე მკურნალ ექიმთან შეხვედრის უფლებით.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მიხეილ  სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს და აღნიშნავს, რომ N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მიერ მსჯავრდებულ მიხეილ  სააკაშვილის მიმართ დაწყებულ დისციპლინურ წარმოებას რაიმე სახის კავშირი არ აქვს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებასთან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ, N18 დაწესებულების დირექტორის მიერ დისციპლინური წარმოება დაწყებულია 2021 წლის 29 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც გაირკვა (ექსპერტიზის დასკვნით) მსჯავრდებულის მიერ დაზიანებული ნივთის ღირებულება 150 ლარზე ნაკლები იყო. ეს ქმედება არ შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და სახეზე იყო პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ქმედება, კერძოდ მსჯავრდებულმა დააზიანა მის პალატაში განთავსებული კარდიომონიტორი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს, თავი შეიკავოს სამსახურისა და მისი მოსამსახურეების მიმართ ცრუ და დაუსაბუთებელი ბრალდებების გავრცელებისგან". – წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საუბარია მიხეილ სააკაშვილის წერილზე, სადაც ვკითხულობთ, რომ ექსპრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ის წყვეტს ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, სანამ არ შესრულდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პენიტენციური სამსახურის მიერ მისთვის დაწესებული დისციპლინური ზომები არ გაუქმდება.

სააკაშვილი წერს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ჯარიმა დააკისრა სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო, მას შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამოართვეს.


სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის პირადი სამედიცინო ინფორმაციისა და რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას. იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ Facebook-ის, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები