მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვწყვეტ ყველანაირ მკურნალობას, სანამ არ გააუქმებენ ე.წ დისციპლინურ ზომებს

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ის წყვეტს ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას, სანამ არ შესრულდება სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და პენიტენციური სამსახურის მიერ მისთვის დაწესებული დისციპლინური ზომები არ გაუქმდება. სააკაშვილი წერს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს ჯარიმა დააკისრა სააკაშვილის კადრების გავრცელების გამო, მას შეხვედრები შეუზღუდეს და ტელევიზორი ჩამოართვეს.

"დღეს დილით გამოქვეყნდა სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა, რომელმაც დააჯარიმა იუსტიციის სამინისტრო პრეზიდენტის უფლებების უხეში დარღვევის გამო. ამ განცხადებიდან დაახლოებით ერთ საათში ჩემს საკანში გაუფრთხილებლად შემოვიდა მე-18 დაწესებულების ორი თანამშრომელი, რომლებშიც ამოვიცანი ჩემი წამების მონაწილეები. მათ გამომიცხადეს, იმის გამო, რომ მე ხელი გავკარი წნევის აპარატს თავდაცვის მიზნით, როცა მიპირებდნენ ჩემი ნების საწინააღმდეგოდ სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას [გლდანის დაწესებულებაში], დეპარტამენტმა გადაწყვიტა ჩემს წინააღმდეგ დისციპლინარული ზომების გატარება. რაც გულისხმობს შეხვედრების შეზღუდვას და ასევე ტელევიზიის ჩამორთმევას.

ამის შემდეგ დედაჩემს, რომელსაც ჰქონდა ყველანაირი ნებართვა შემოსვლისა და ჩემი მონახულებისა, დაახლოებით ოთხი საათი აცდევინეს ქუჩაში და დააბრუნეს უკან თბილისში. ასევე, არ უშვებდნენ ჩემს პირად ექიმს, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, სანამ არ ჩაერია ჰოსპიტლის ადმინისტრაცია. ეს არის მათი პასუხი სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნებზე და მათ არა მხოლოდ არ აიღეს ჩემი ღირსების შემლახველი კადრები, არამედ შურისძიება განახორციელეს ჩემ წინააღმდეგ. ამიტომ მე ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას და არ შევწყვეტ ამ პროტესტს, სანამ არ შეასრულებენ თოლორაიას უწყების [სახელმწიფო ინსპექტორის] გადაწყვეტილებებს და არ გააუქმებენ ე.წ დისციპლინარულ ზომებს, სანამ არ განაახლებენ ჩემთან მნახველების ნორმალურ დაშვებას". – წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ წაიკითხა.

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და გასაჯაროების საქმეზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ჯარიმა დაეკისრათ. საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის პირადი სამედიცინო ინფორმაციისა და რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროებას. იუსტიციის სამინისტროს და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ სოციალური ქსელ Facebook-ის, ასევე, ოფიციალური ვებგვერდებიდან მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერებისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წაშლა.

20 ნოემბერს, შიმშილობის 50-ე დღეს მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა. ექსპრეზიდენტი 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მოგვიანებით გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ სააკაშვილი გლდანის ციხეში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

კომენტარები