კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე ამბობს, რომ მწვანე პასპორტის უვადოდ მინიჭებას არ ემხრობა

საქართველოს მთავრობა / Facebook

"არა". - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე რუსთავი 2-ის კითხვას, ემხრობა თუ არა ის, როგორც მინისტრი, მწვანე პასპორტის უვადობას. 

ჟურნალისტმა ეკატერინე ტიკარაძეს ჰკითხა, თუ რატომ აძლევს ქვეყანა ნებისმიერ მოქალაქეს, რომელმაც კორონავირუსი გადაიტანა, მწვანე პასპორტს.

"ვერ ვიტყვი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ან დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომლებიც მთავარი უწყებები არიან და იძლევიან რეკომენდაციებს ამ მიმართულებით, სრულად იზიარებენ ამ გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, შეიცავს გარკვეულ რისკებს, მაგრამ არსებობს გარკვეული სხვა საფუძველიც. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორად და უსაფრთხოდ დაინერგოს მწვანე პასპორტი, თუმცა გარკვეული გამოწვევების შედეგად მასთან მიმართებაში რეგულაციები შეიცვლება და მე განვმარტე კიდეც ამასთან მიმართებაში, რომ განიხილება ყველა სახის ცვლილება დამდგარი საჭიროებებიდან გამომდინარე. ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი დამატებით რეკომენდაციებს საბჭოს წარუდგენს". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.  

1 დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტის სისტემა ამოქმედდა. მოქალაქეებს რიგ დაწესებულებაში შესასვლელად მწვანე სტატუსი აქვთ ორჯერად აცრის შემთხვევაში, ასევე 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ან 24 საათის განმავლობაში ჩატარებული ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენისას. მწვანე სტატუსი აქვთ იმ პირებსაც, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში არ არის კორონავირუსის გადატანის ვადაზე შეზღუდვა ისე, როგორც სხვა ქვეყნებშია.

მოქალაქეებს მხოლოდ მწვანე პასპორტით შეუძლიათ შესვლას კვების ობიექტებში – რესტორნებში, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, ასევე, სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

კომენტარები