მიხეილ სააკაშვილი

შსს: სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის მასალის შესწავლის შემდეგ კიდევ 3 ადამიანი დავაკავეთ

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ამსახველი მასალის შესწავლის შემდეგ პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით კიდევ 3 ადამიანი, ე.ს, ლ.ს და ს.გ დააკავეს.

"29 ნოემბერს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის განხორციელების ბრალდებით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ბ.თ. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას – დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე.

კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლისა და ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1 დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით იქნენ დაკავებული, ხოლო ს.გ. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ახალციხეში დააკავეს". – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები