მიხეილ სააკაშვილი

ინსპექტორმა საქალაქოსთან აქციაზე პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

ტაბულა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს.

"სისხლის სამართლის საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და მიმდებარე ტერიტორია; მიმდინარეობს საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირთა, მათ შორის აქციის მონაწილეთა გამოკითხვა; სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან მოთხოვნილი იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; სასამართლოში წარდგენილი იქნა შუამდგომლობა ტელეკომპანიებიდან გამოძიების მიზნებისთვის მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერების გამოთხოვის თაობაზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას". – ნათქვამია განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა.

კომენტარები