ლელო

ლელო საკრებულოებზე: ეს არის უპრეცედენტო და ძალადობრივი თავდასხმა თვითმმართველობის იდეაზე

ანა ნაცვლიშვილი
ლელო

"უპრეცედენტო, სრულიად თავხედური და ძალადობრივი თავდასხმა თვითმმართველობის იდეაზე" – ასე ეხმაურება ლელო ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში განვითარებულ მოვლენებს, სადაც წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები ნაჩქარევი წესით დაამტკიცეს, ვინაიდან ახალი მოწვევის საკრებულოებში ქართულ ოცნებას უმრავლესობა არცერთ ქალაქში აღარ ეყოლება. 

პარლამენტში ლელოს დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს პარტიული ინტერესებისთვის, რათა ხალხის მიერ გამოხატული პოზიცია და ოპოზიციური პარტიების გამარჯვება ამ მუნიციპალიტეტებში "გადაამტვრიოს" და დემოკრატიული პრინციპები ძალის გამოყენებით გააუქმოს. 

"ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ეს სხვა არაფერი არაა, თუ არა კიდევ ერთი ლუსტრირება იმისა, რომ ამ ქვეყანას სახელმწიფო უწყებები კი არ მართავენ, მართავს ერთი კონკრეტული პარტია თავის ხუშტურებზე და ახირებებზე დაფუძნებით". – ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

დეპუტატი ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და მომავალი წლის ბიუჯეტები ყოველთვის დეკემბრის თვეში მტკიცდებოდა ხოლმე ახალი მოწვევის საკრებულოების მიერ. 

"ახლა ვინაიდან პოლიტიკური ვითარებაა შეცვლილი და ოპოზიციას აქვს მკაფიო და მტკიცე პოზიციები ზუგდიდსა და ბათუმში, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ არჩევნების ამ შედეგებს დაუპირისპიროს შიშველი და თავხედური ძალა. 

ერთი მხრივ, მან ამისთვის გამოიყენა ცესკო, რომელმაც მიიღო და მორჩილად და ურცხვად აღასრულა ეს დავალება, რომ განზრახ არ ნიშნავს სხდომებს დროულად და, მეორე მხრივ, ვხედავთ უკვე კარგად გამოცდილ პოლიციის უპრეცედენტო მობილიზაციას იმისთვის, რომ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები შეაფერხონ და ძალით გაიტანონ ეს პროცესი და მიიყვანონ ბოლომდე. ეს არის ამ ქვეყნის ისტორიაშიც კი უპრეცედენტოდ სამარცხვინო პროცესი. ამის შემდეგ ქართული ოცნების მხრიდან საუბარი თვითმმართველობის იდეაზე, თვითმმართველობის კოდექსს, მის შინაარსს იზიარებენ, არის სრული ფიქცია". – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

ლელოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ეს გაგრძელებაა იმ სპეცოპერაციისა, რომელსაც ბათუმში ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ანა ნაცვლიშვილი ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის არჩეულ დეპუტატს, ნუგზარ ფუტკარაძეს გულისხმობს, რომელზეც გარდაცვალებამდე, ხელისუფლების დავალებით, გადაბირების მიზნით, ზეწოლას ახდენდნენ. 

"ადამიანს გული გაუსკდა იმ ზეწოლების გამო, რომელსაც მასზე ახორციელებდნენ და ამის დამადასტურებელი ჩანაწერები მთელმა საქართველომ ნახა. ფიზიკურად ეწირებიან უკვე ამ ქვეყანაში ადამიანები არჩევნების და დემოკრატიის გადარჩენის იდეას". – ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ბათუმისა და ზუგდიდის საკრებულოებში, ოპოზიციის პროტესტის ფონზე, წინა მოწვევის დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტები დაამტკიცეს. როგორც წესი, ბიუჯეტის პროექტებს ახალი მოწვევის საკრებულოები დეკემბერში ამტკიცებენ, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ქალაქებში ქართულმა ოცნებამ საკრებულოებში უმრავლესობა დაკარგა, ბიუჯეტი დაჩქარებული წესით, ნოემბრის ბოლოს ძველი მოწვევის დეპუტატებს დაამტკიცებინეს, ცესკომ კი ახალი მოწვევის საკრებულოების პირველი სხდომები ყველა ქალაქში 3 დეკემბერს ჩანიშნა. 

ბათუმის საკრებულოში პროსტესტს ასევე წინ უძღოდა 24 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერი, სადაც ისმის, რომ საკრებულოში მათი არჩეული დეპუტატისგან, ნუგზარ ფუტკარაძისგან ორი ადამიანი პარტიის დატოვებას და საკანონმდებლო ორგანოში "ნეიტრალურობის" შენარჩუნებას მოითხოვს. ენმ-ს ლიდერების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძეს შესთავაზეს თანხაც, 100 000$-ის ოდენობით, სასურველი პასუხის ვერმიღების შემდეგ კი ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ ზეწოლაზე გადავიდნენ. მიზანი მისი გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ლიდერების ინფორმაციით, ნუგზარ ფუტკარაძესთან აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით მივიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ენმ-ს სამი ადგილობრივი ლიდერი გამოკითხა

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. შსს-ს ცნობიოთ, გამოძიება იმავე დღესვე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით. 

კომენტარები