ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება

აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტზე ბათუმში ენმ-ს ადგილობრივ ლიდერებს გამოკითხავენ

სქრინი მთავარი არხის სიუჟეტიდან

ბათუმის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიის ადგილობრივ ლიდერებს, გიორგი კირთაძეს, მირდატ ქამადაძესა და ელგუჯა ბაგრატიონს გამოკითხავენ. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გარდაცვალების დღესვე, 18 ნოემბერს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და ისჯება შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ვადით. 

"საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი". – წერია შსს-ს განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 


ბათუმში ენმ-ს ლიდერის, გიორგი კირთაძის განცხადებით, საკრებულოში მათ არჩეულ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე გარდაცვალებამდე ზეწოლა მიმდინარეობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ამის ორგანიზატორი აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე იყო. ენმ-მ 24 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ასევე გამოაქვეყნა აუდიო ჩანაწერიც, რომელსაც გიორგი კირთაძის თქმით, თავად ნუგზარ ფუტკარაძე იწერდა. მათივე ცნობით, მოსალაპარაკებლად მისულები იყვნენ ასლან აბაშიძის დროის მაღალჩინოსნები, ვაჟა თაბაგაძე და ბადრი ბაკურიძე. ჩანაწერში ისმის, რომ ნუგზარ ფუტკარაძისგან "ვიღაც კაცის" დავალებით ნეიტრალურობას მოითხოვენ. 

მიზანი ნუგზარ ფუტკარაძის გადაბირება იყო, ვინაიდან ქართულმა ოცნებამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უმრავლესობის მოგროვება ვერ შეძლო და მას მხოლოდ 16 დეპუტატი ჰყავდა, ოპოზიციას კი, გიორგი გახარიას პარტიის ჩათვლით, ჯამში 19. 

ბრიფინგს და აუდიო ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც თქვა, რომ თუკი ჩანაწერებში არ იქნება მისი ოჯახის წევრი, ის "ყველასგან მოითხოვს ბოდიშის მოხდას". 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ზეწოლაში მონაწილეობდა. 

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა.

კომენტარები