რუსეთი

შოიგუ აშშ-ს რუსეთზე საჰაერო ბირთვული თავდასხმების იმიტაციაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ
ria.ru

რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ შეერთებულ შტატებს რუსეთზე საჰაერო ბირთვული თავდასხმების იმიტირებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ჩინეთის თავდაცვის მინისტრთან ონლაინ შეხვედრის დროს ისაუბრა. 

შოიგუს თქმით, ბოლო ხანებში რუსეთის საზღვრებთან ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების აქტიურობა შეინიშნება. 

"ბოლო თვეში რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან დაახლოებით 30 ფრენა შესრულდა, რაც 2.5-ჯერ მეტია, ვიდრე წინა წლის ამავე პერიოდში", – თქვა სერგეი შოიგუმ. 

შოიგუს ბრალდებით, ამ თვის დასაწყისში, Global Thunder-ის წვრთნების დროს აშშ-ს 10-მა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან, რუსეთზე ბირთვული თავდასხმის ვარჯიში შეასრულეს. 

"ამ თვეში, აშშ-ს სტრატეგიული ძალების Global Thunder-ის სწავლების ფარგლებში, 10-მა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა ივარჯიშა რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, პრაქტიკულად, დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებებიდან ერთდროულად", – თქვა სერგეი შოიგუმ. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, თვითმფრინავები საზღვრიდან, მინიმუმ, 20 კილომეტრის დაშორებით დაფრინავდნენ. 

პასუხად, აშშ-ში ამბობენ, რომ წვრთნების პერიოდში ინფორმაცია ვარჯიშების შესახებ საჯარო იყო და ყველაფერი საერთაშორისო პროტოკოლს მიჰყვებოდა.

"ეს მისიები მაშინ საჯაროდ გამოცხადებული და დაწვრილებით დაგეგმილი იყო (სტრატეგიულ სარდლობასთან და ევროპულ სარდლობასთან) მოკავშირეებთან და პარტნიოერებთან, რათა უზრუნველგვეყო ვარჯიშისა და ერთიანობის შესაძლებლობის მაქსიმუმი, ეროვნული და საერთაშორისო მოთხოვნებისა და პროტოკოლების შესაბამისად", – ამბობენ პენტაგონში. 

Global Thunder-ის წვრთნები, რომელშიც ამ წელს ამერიკული ბირთვული შესაძლებლობის B-52-ის ტიპის ბომბდამშენებიც გამოიყენეს, არის ყოველწლიური ვარჯიშები, რომელზეც მოწმდება აშშ-ს ბირთვული და სამეთაურო მზადყოფნა და აშშ-ს ბირთვული შესაძლებლობების მზადყოფნის დემონსტრაციაა. 

შოიგუს ბრალდება მოჰყვება ვაშინგტონისა და მოსკოვის დაძაბულ ურთიერთობას, უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე დაძაბულობის გამო. რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედროების უჩვეულო მოძრაობა და თავმოყრა განაახლა. აშშ-სა და უკრაინის ინფორმაციით საზღვართან თავმოყრილია 100 000-მდე რუსი სამხედრო. არსებობს შიში, რომ მოსკოვი უკრაინაში შეჭრას გეგმავს.

კომენტარები