ელექტროენერგია

ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოს წელს $37.5 მლნ დაუჯდა

ესკოს მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 1 მლრდ 724.5 მლნ კვტ.სთ შეადგინა. წელს ყველაზე მეტი - 1 მილიარდ 57.6 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია რუსეთიდან შემოვიდა, აზერბაიჯანიდან - 505.7 მლნ კვტ.სთ, ხოლო თურქეთიდან  - 161.2 მლნ კვტ.სთ.

2021 წლის 10 თვეში იმპორტის სახით შემოსული ელექტროენერგია 2020 წლის 10 თვეში შემოსულ ელექტროენერგიას 64%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტის ზრდა დიდწილად ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 თვით გაჩერებას უკავშირდება, რომელიც აფხაზეთის ელექტრომომარაგებისთვისაც უდიდეს როლს ასრულებს. რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი წელს სწორედ აფხაზეთის მზარდი მოხმარების დაკმაყოფილებას დასჭირდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 10 თვეში ელექტროენერგიის იმპორტზე საქართველომ 37.5 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ყველაზე ძვირი საქართველოსთვის აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის შემოტანაა. წელს აზერბაიჯანიდან იმპორტი $23.4 მლნ დაგვიჯდა, რუსეთიდან იმპორტი - $7.4 მლნ, ხოლო თურქეთიდან იმპორტი - $6.7 მლნ.

შედარებისთვის, წინა წელს იმპორტირებულ ელექტროენერგიაში 64.5 მლნ აშშ დოლარი გადავიხადეთ, აზერბაიჯანიდან იმპორტში - $36.4 მლნ, რუსეთიდან იმპორტში - $14.5 მლნ, ხოლო თურქეთიდან იმპორტში - $13.6 მლნ.

საქართველოში ელქტროენერგიის მოხმარება თითქმის ყოველწლიურად იზრდება, 2021 წლის 10 თვეში ქვეყანაში 11.2 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს, რაც 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 13.3%-ით აღემატება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 13.2 მლრდ კვტ.სთ იქნება, 10 წელში კი 62.1%-ით გაიზრდება და 2031 წლისთვის 21.4 მლრდ კვტ.სთ-ს გაუტოლდება.

რაც შეეხება გენერაციას, სსე-ს საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2021 წლისთვის გამომუშავება 12.3 მლრდ კვტ.სთ იქნება, რაც ნიშნავს დეფიციტს - მოხმარება აჭარბებს გამომუშავებას. 2031 წლისთვის გენერაციის 35.1 მლრდ კვტ.სთ-მდე გაზრდა იგეგმება.

რამდენად შეძლებს საქართველო არსებული ტენდენციით გამომუშავების ამ დონემდე გაზრდას, რთული სათქმელია. როგორც სსე-ს 10-წლიან გეგმაში ვკითხულობთ, ჰესების მშენებლობის ტემპები ვერ ეწევა მზარდ მოხმარებას, ვინაიდან მათი მშენებლობის თარიღების პერმანენტული გადავდება ხდება (ნამახვანჰესის მაგალითი). აღნიშნული დისბალანსი იწვევს სიმძლავრის მზარდ დეფიციტს, რაც განსაკუთრებულად გამოკვეთილია ზამთრის პერიოდში (იანვარი, თებერვალი, მარტი, ნოემბერი, დეკემბერი), ამის გამო კი იზრდება ენერგიის იმპორტი და მცირდება ენერგოსისტემის მოქნილობა და უსაფრთხოება.

კომენტარები