ელექტროენერგია

10 წელში ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში 62%-ით გაიზრდება – პროგნოზი

renew.org

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის (სსე) ზომიერი სცენარის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 10 წელში 62.1%-ით გაიზრდება. 

სსე-ს 10-წლიან გეგმაში ნაჩვენებია, რომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსის თანახმად, 2021 წელს საქართველოს მოხმარება 13.2 მლრდ კვტ.სთ იქნება, ხოლო 2031 წლისთვის - 21.4 მლრდ კვტ.სთ.

პროგნოზს აქვს ერთი წინაპირობა - მოხმარება 21.4 მლრდ კვტ.სთ-მდე გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გენერაციის ყველა ობიექტი ქსელში დაგეგმილ დროზე ინტეგრირდება და მოხმარება წლიურად 5%-ით გაიზრდება.

მოხმარების საპროგნოზო წლიური ზრდის მაჩვენებელი ბაზისურ სცენარში, არის 5%, რომელიც დადგენილი იქნა ეკონომიკისა და დმგრადი განვითარების სამინისტროსგან მიღებული ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზის ანალიზის საფუძველზე", - წერია დოკუმენტში.

თუმცა, დოკუმენტში წერია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში ელექტროენერგიის წლიური მოხმარების ზრდის მაჩვენებელი აღემატება 5%-ს (პანდემიის გამო, გამონაკლისია 2020 წელი) და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება მომავალი წლების განმავლობაშიც.

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

ზომიერი სცენარის გარდა, სსე-ს კიდევ 2 სცენარი აქვს წარმოდგენილი - პესიმისტური და ოპტიმისტური. პესიმისტური სცენარით, საქართველოს ელექტრომოხმარება 2031 წლისთვის 34.9%-გაიზრდება, ხოლო ოპტიმისტური სცენარით თითქმის გაორმაგდება და 97%-ით გაიზრდება.

რაც შეეხება გენერაციას, საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2021 წლისთვის გამომუშავება 12.3 მლრდ კვტ.სთ იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო ენერგოდეფიციტშია, რადგან მოხმარება აჭარბებს გამომუშავებას. 2031 წლისთვის გენერაციის 35.1 მლრდ კვტ.სთ-მდე გაზრდა იგეგმება. 

ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4 533 მგვტ-ია, აქედან მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრეა 2 381 მგვტ, მოდინებაზე მომუშავე ჰესების სიმძლავრე 942 მგვტ, 110 მგვტ აირტურბინების, 21 მგვტ ქარის სადგურების, ხოლო კომბინირებული და თბოელექტროსადგურების - 1 079 მგვტ. ჯამური დადგმული სიმძლავრის დაახლოებით 74% მოდის ჰესებზე.

"2031 წლისთვის საქართველოს ჯამური სიმძლავრე გაიზრდება 10 396 მგვტ-მდე. აქედან 4288 მგვტ იქნება მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე, 2900 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების, 1330 მგვტ ქარის სადგურების, 520 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1248 მგვტ მაღალი ეფექტურობის მქონე კომბინირებული თბოელექტროსადგურების სიმძლავრე, რომლებიც ჩაანაცვლებენ მოძველებულ გარდაბნის N 3, 4 და 9 ბლოკებს.

ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 2031 წლისთვის იქნება 69%-მდე. აქედან მარეგულირებელი ჰესების წილი ქვეყნის ჯამურ სიმძლავრის 41%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ქარის და მზის ელექტროსადგურების წილი, 2031 წლისთვის იქნება დაახლოებით 18%", - წერია სსე-ს გეგმაში. 

წყარო: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

რამდენად შესაძლებელია არსებული ტენდენციით გენერაციის ამ დონის მიღწევა, რთული სათქმელია. როგორც სსე-ს დოკუმენტში წერია, ჰესების მშენებლობის ტემპები ვერ ეწევა მზარდ მოხმარებას, ვინაიდან მათი მშენებლობის თარიღების პერმანენტული გადავადებები ხდება (ნამახვანჰესის მაგალითი). აღნიშნული დისბალანსი იწვევს სიმძლავრის მზარდ დეფიციტს, რაც განსაკუთრებულად გამოკვეთილია ზამთრის პერიოდში (იანვარი, თებერვალი, მარტი, ნოემბერი, დეკემბერი), ამის გამო კი იზრდება ენერგიის იმპორტი და მცირდება ენერგოსისტემის მოქნილობა და უსაფრთხოება.

2021 წლის 10 თვეში საქართველოში იმპორტის სახით 1 მლრდ 724.5 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა. ყველაზე მეტი - 1 მილიარდ 57.6 მლნ რუსეთიდან შემოვიდა, თუმცა იმპორტის უდიდესი ნაწილი აფხაზეთში შევიდა. აზერბაიჯანიდან შემოვიდა 505.7 მლნ კვტ.სთ, ხოლო თურქეთიდან  - 161.2 მლნ კვტ.სთ. 2021 წლის 10 თვეში იმპორტის სახით შემოსული ელექტროენერგია 2020 წლის 12 თვეში შემოსულ ელექტროენერგიას 7%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ წელს იმპორტის ზრდა დიდწილას ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3 თვით გაჩერებას უკავშირდება.

კომენტარები