მიხეილ სააკაშვილი

ექიმი სააკაშვილზე: გართულების საფრთხე არსებობს – კვების აღდგენის პროცესი საპასუხისმგებლოა

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმთა კონსილიუმის წევრი, სანდრო ცისკარიძე მივიდა. ცისკარიძის თქმით, რეფიდინგის (კვების აღდგენის) პროცესი დიდ ყურადღებას საჭიროებს, არსებობს გართულების საფრთხე, ამიტომ, მისივე სიტყვებით, აუცილებელია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისას ბევრი სპეციალისტის აზრი იქნას გათვალისწინებული. 

"ჩვენ შევდივართ დღეს პირველად ამ ჰოსპიტალში. ვიცით, რომ ექიმები უკვე მუშაობენ აქტიურად. ჩვენ გახლავართ კონსილიუმი, რომელიც პრაქტიკულად მესამე პრეზიდენტის შიმშილობის დაწყებიდან მასთან ძალიან აქტიურად მუშაობდა, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ მუშაობას. ჩვენი ასეთი ერთობლივი, შეჯერებული აზრი ყოველთვის იყო გათვალისწინებული აქამდე და დიდი იმედი მაქვს, რომ ახლაც გათვალისწინებული იქნება. 

[...] რეფიდინგის პროცესი საპასუხისმგებლო, ძალიან საპასუხისმგებლო პროცესია და ძალიან დიდ ყურადღებასა და აქტიურ მონიტორინგს გულისხმობს. საფრთხეები ძალიან ბევრია: სხვადასხვა ორგანოს სისტემის გართულებები, მათ შორის - სერიოზული გართულებები, ამიტომ რეფიდინგს სჭირდება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი სპეციალისტის აზრის შეჯერება". - ამბობს  სანდრო ცისკარიძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლამდე. 


ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო კლინიკაში გადაიყვანეს. სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ის შიმშილობას კლინიკაში გადაყვანისთანავე შეწყვეტს. სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა პარლამენტში მოშიმშილე 9 დეპუტატმა, იქამდე კი დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

19 ნოემბერს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ამას წინ უძღოდა 18 ნოემბერს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. მან ღამე გლდანის ციხის საავადმყოფოს რეანიმაციაში გაატარა. 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. მათი განცხადებით, პაციენტის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში. 

ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები