ეკონომიკა

საქართველოს მოსახლეობის 21%-მდე სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა

EPA/SIMELA PANTZARTZI

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, სიღარიბის დონე საქართველოში ისტორიულ მინიმუმს აღწევს და ეკონომიკური ზრდა გახდა მეტად ინკლუზიური. თურნავა იმასაც პროგნოზირებს, რომ საქართველო 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება.

2020 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა პროცენტული წილი გაიზარდა 2018 (20.1%) და 2019 (19.5%) წლებთან შედარებით და 3 წლიან მაქსიმუმზე იყო. რიცხობრივად, საქართველოში 790 ათასზე მეტი, ანუ ყოველი მეხუთე ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.

წყარო: საქსტატი

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2021 წლის მონაცემებით, რეკორდულადაა გაზრდილი სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი და 633 586 ადამიანს უტოლდება.

საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი საქართველოში წლების მიხედვით:

  • 2012 - 501 445 ადამიანი
  • 2013 - 453 857 ადამიანი
  • 2014 - 421 387 ადამიანი
  • 2015 - 389 650 ადამიანი
  • 2016 - 476 084 ადამიანი
  • 2017 - 455 813 ადამიანი
  • 2018 - 435 450 ადამიანი
  • 2019 - 427 373 ადამიანი
  • 2020 - 524 598 ადამიანი
  • 2021 - 633 586 ადამიანი

რაც შეეხება სხვა ეკონომიკურ პარამეტრებს, ბოლო წლებში საქართველოში უმუშევრობის დონეც გაზრდილია და 2021 წლის პირველი კვარტლისთვის 21.9%-ს შეადგენს.

უმუშევრობის დონე საქართველოში წლების მიხედვით:

  • 2014 - 23%
  • 2015 - 21.9%
  • 2016 - 21.7%
  • 2018 - 19.2%
  • 2019 - 17.6%
  • 2020 - 18.5%
  • 2021 - 21.9%

საქართველოში საარსებო მინიმუმი ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი ნიშნულიზეა. შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი მიმდინარე წლის ოქტომბრის მიხედვით 224.2 ლარია და იანვართან შედარებით 28.6 ლარითაა გაზრდილი, როდესაც საარსებო მინიმუმი 195.6 ლარი იყო, რაც ცხოვრების გაძვირებაზე მეტყველებს და ინფლაციის მაღალ დონეს უკავშირდება.

საქართველოში ინფლაციის დონე 10-წლიან მაქსიმუმზეა და ოქტომბერში 12.8% შეადგინა.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამი, იემენი და ზიმბაბვე. 

ინფლაციის მაღალი მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ერთ-ერთი ლიდერია, რეგიონში კი მას მხოლოდ თურქეთი და ყირგიზეთი უსწრებენ, სადაც ინფლაცია თითქმის 20%-ს აღწევს

2021 წლის 9 თვეში, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.3%-ით გაიზარდა, მთავრობა კი წლის ბოლოს მინიმუმ 10%-იან ზრდას ვარაუდობს

მსგავსი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი 2020 წელს დაფიქსირებული პანდემიის შედეგად გამოწვეული 6.8%-იანი შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება.

შესაბამისად, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დიდწილადაა გამოწვეული 2020 წლის კრიზისის შედეგად გამოწვეული შემცირებით, რომლის მსგავსიც 2008 წლის ომის შემდეგ არ ყოფილა. 

კომენტარები