მიხეილ სააკაშვილი

ექიმი სააკაშვილზე: N18 დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა

TV პირველი

სახალხო დამცველის მიერ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობის შემოწმების მიზნით შექმნილმა მრავალპროფილურმა სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფმა N18 პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფო დაათვალიერა და მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

ნინო ლომჯარიას თქმით, უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, უკვე 17 ნოემბერს ექსპერტების ჯგუფის მიერ მომზადდება ერთიანი დასკვნა. თუმცა, იქამდე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დაწესებულების მიზანშეწონილობაზე ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გიორგი გრიგოლიამ მედიასთან ისაუბრა. 

"ჩვენ ვინაიდან ბევრნი ვიყავით, ყველა თავის საქმეს ასრულებდა. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან ახლოა იმასთან, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდეს, იმიტომ, რომ მის ანალიზებში არის უკვე ისეთი ცვლილებები, რომელიც უკვე საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას და ინტენსიურ მკურნალობას.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის არის შექმნილი 2 კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა გაკეთებული, არის აღჭურვილი. სტაფი არის გადმოყვანილი რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექიმი ყოველდღე, მაგრამ უარყოფითი არის ის, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ საავადმყოფოს არ აქვს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა და ისეთი პაციენტი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციას, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია.

საბოლოო დასკვნაზე ჩვენ შევჯერდებით, მაგრამ ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი". – თქვა გიორგი გრიგოლიამ. 

ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს თერაპევტებს, რადგან ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ დადგა მეტაბოლური ცვლილებები, რომელსაც სჭირდება სწორი კვება. გიორგი გრიგოლიას განმარტებით, ექსპრეზიდენტი დამოუკიდებლად და ერთბაშად ვერ შეძლებს ჭამის დაწყებას და მას ამ პროცესში მულტიპროფილური სამედიცინო ჯგუფის ზედამხედველობა სჭირდება. 

"ხვალ რომ გამოაცხადოს ბატონმა მიხეილმა, რომ დავამთავრე შიმშილობა და ჭამა დაიწყოს, ასე არ შეიძლება, უცბად. ამას სჭირდება კონტროლი და ამას სჭირდება მულტიპროფილური სპეციალისტები, რისი საჭიროებაც აქ არ არის. ეს არის ჩემი წინასწარი დასკვნა".  – ამბობს გრიგოლია. 

დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 16 ნოემბერს შექმნა. ექიმები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმ დღესვე შევიდნენ. 


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

კომენტარები