მიხეილ სააკაშვილი

ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგისთვის ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

Georgian Journal

სახალხო დამცველმა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ჯგუფის მიზანია ასევე შეაფასოს რამდენად შეესაბამება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას N18 სამკურნალო დაწესებულება ამჟამად და იქნება თუ არა ამ დაწესებულებაში ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდება შესაძლებელი პატიმრის მიერ ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, როგორც ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით ითხოვს.

მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მოიწვია სამედიცინო დარგის შემდეგი სპეციალისტები:

  • გიორგი გრიგოლია – ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
  • გრიგოლი ხურციძე – შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა
  • გიორგი კაჭარავა – კარდიოლოგი
  • გიორგი პაპიაშვილი – კარდიოლოგი/არითმიოლოგი
  • აიდა გოზალოვა – ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი
  • მამუკა მაჩაიძე – ინფექციონისტი, თერაპევტი
  • თენგო წულაძე – ნევროლოგი
  • ნინო ზავრაშვილი – ენდოკრინოლოგი

ჯგუფის საქმიანობაში ასევე ჩაერთვება სახალხო დამცველის აპარატში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ექიმი, მედიცინის დოქტორი მერაბ ქავთარაძე. საჭიროების შემთხვევაში კი ჯგუფის შემადგენლობა გაფართოვდება შესაბამისი დარგის სამედიცინო ექსპერტთა მონაწილეობით.

"მიხეილ სააკაშვილი უკვე 47 დღეა შიმშილობს, რაც შესაძლოა მისი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენდეს. ამავდროულად, სამწუხაროდ, პატიმრის N18 დაწესებულებაში გადმოყვანის შემდეგ (მეცხრე დღეა), სამინისტროს მიერ შექმნილ მულტიფუნქციურ კონსილიუმს დაწესებულებაში შესვლისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა არ ეძლევა.

სახალხო დამცველმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს კანონმდებლობით მისთვის მონიჭებული უფლებამოსილება და შექმნა მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს სახელმწიფოს მიერ პატიმრისთვის მიწოდებული სამედიცინო სერვისის ეფექტიანობას. თუმცა, აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი ვერ და არ ჩაანაცვლებს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაწილში". – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ მოწვეული მულტიპროფილურ ექპერტთა ჯგუფი ისარგებლებს სახალხო დამცველის მიერ გაცემული სპეციალური რწმუნებებით, რის საფუძველზეც საჭიროებების შემთხვევაში, მოინახულებენ პატიმარ მიხეილ სააკაშვილთან, შეამოწმებენ N18 სამკურნალო დაწესებულებას, შეისწავლიან შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და დასკვნებს სახალხო დამცველს წარუდგენენ. სწორედ ექსპერტ-სპეციალისტთა დასკვნებით იხელმძღვანელებს სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თავისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.

"აქვე კვლავ მოვუწოდებთ იუსტიციის სამინისტროს/სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – უზრუნველყოს მის მიერვე შექმნილი მულტიფუნქციური კონსილიუმის რეგულარული ვიზიტები და ხელი არ შეუშალოს მათ ეფექტიან საქმიანობას, მათ შორის, ბიუროკრატიული დაბრკოლებებით. ასევე, შემჭიდროვებულ ვადებში, შემუშავდეს მულტიფუნქციური კონსილიუმის საქმიანობის პროტოკოლი". – ნათქვამია განცხადებაში.


ექსპრეზიდენტი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს, უთხრეს, რომ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, როგორც ამას თავად ითხოვდა. სააკაშვილის თქმით, როდესაც მიხვდა, რომ გლდანის ციხესთან იყო, მანქანიდან არ გადმოდიოდა და სამართალდამცველებმა ის საავადმყოფოში ძალით შეიყვანეს. 

ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს პერმანენტულ რეჟიმში ესმის მისი მისამართით პატიმრების გინება. როგორც ამბობს, ეს ღამითაც გრძელდება. უკვე 47-ე დღეა, რაც მას შიმშილობა აქვს გამოცხადებული. 

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ იგი შიმშილობას შეწყვეტს, თუ მულტიპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ.

10 ნოემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დასკვნა დროებითი ზომის გამოყენების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ სააკაშვილს სტანდარტულად შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, მთავრობას კი სააკაშვილის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ამასთან, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მთავრობამ მას უნდა შეატყობინოს ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე, ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ).

10 ნოემბერს ასევე საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დააპატიმრეს. მოთხოვნის მიუხედავად, პენიტენციურმა მას სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა. სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების უფლება არც 15 და 16 ნოემბერს გამართულ პროცესზე მისცეს.

კომენტარები